Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი: რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა

5720bff989201
BM.GE
27.04.16 17:33
972
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვასა და საქართველოს დღის წესრიგზე ისაუბრა.

"მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ გამოიარა რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირკაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვაა.

"საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს ინსტიტუციონალურ მოწყობასა და საკანონმდებლო ბაზაში, რისი მიზანიცაა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. ეს შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. ამ მხრივ, საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს.

"საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას. მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.