Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების დაჩქარების თხოვნით მიმართავს

56b4d960a42c0
BM.GE
05.02.16 21:16
1076
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რეგიონი საქართველოში და ამ მიმართულებით გარკვეული რეზერვები არსებობს.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ მგონია, რომ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ასევე ბათუმის ბულვართან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აჭარის ხელმძღვანელობას ამ თემაზე მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია სთხოვა.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ცოტა მეტი კონსულტაცია ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთ თემებზე, სადაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხმაური, კარგი იქნება უფრო მეტი კოორდინაცია და დიდი იმედი მაქვს, მომავალში ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მთავრობის წევრებმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონში მიმდინარე გეგმების და პროექტების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.