Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველად საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება

57051c1798ea8
BM.GE
06.04.16 18:22
1087
9 აპრილს თბილისი რეგიონში უპრეცედენტო ღონისძიებას უმასსპინძლებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში მსოფლიო სარეკლამო სფეროს უდიდესი საერთაშორისო ფესტივალის, "Cannes Lions"-ის შესარჩევი კონკურსი გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება აქამდე რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა.
 
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის "Cannes Lions"-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო ოთხ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე საუკეთესო ოთხ გუნდს შეარჩევს 30 კაციანი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალებისგან. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები 2016 წლის ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან და შეეცდებიან, გამარჯვება მოუტანონ საკუთარ ქვეყანას.

საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალი წელს ოთხ კატეგორიაში ჩატარდება. ეს კატეგორიებია: ბეჭდური რეკლამა (9 აპრილს), ახალგაზრდა მარკეტერები (10 აპრილს), დიზაინი (16 აპრილს) და ციფრული კამპანიის დაგეგმვა (17 აპრილს).

ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა. საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდა 232 მონაწილე, 33 სარეკლამო სააგენტო და 45 საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომლებიც მარკეტერების კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას.

"კანის ლომების" ფესტივალს 62 წლის ისტორია აქვს. სარეკლამო ფესტივალი მიჩნეულია მსოფლიოში კრეატიულობის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ჩემპიონატად. მასში მთელი მსოფლიოდან ერთვებიან სარეკლამო კომპანიები და მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები. საქართველო ამ მარათონში ორი წლის წინ ჩაერთო - გასულ წელს ქვეყანას საცდელად მიეცა ერთი კატეგორია, წელს კი სრულად, ოთხივე კატეგორიაში ჩართვის უფლება მიენიჭა.

წლევანდელი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ხელშეწყობით საქართველო 4 გუნდით (8 ადამიანით) წარსდგება კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში. პროექტში ჩართულია ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია.

ღონისძიების ორგანიზატორია "კანის ლომების" ქართული წარმომადგენლობა, ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.