Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა

56d17359394a7
BM.GE
27.02.16 13:55
1945
მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა.კერძოდ: აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დამცავი ფენა. საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი ხიდისა და პანდუსებისთვის; შეიცვალა ხიდზე არსებული (ძველი) მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად გაკეთდა და გაიხსნა. მისივე თქმით, ახალი ესტაკადა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გადაადგილდნენ აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისა და დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მიმართულებით.

"ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას მივეცით, გავხსენით ხიდი, რომელიც 25 წელზე მეტია გაჩერებულია. ამით ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. პირველი ის, რომ განიმუხტება მოძრაობა დიდი დიღმის შესახვევთან, ასევე პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირი იყო ავტოავარიები. ამდენად განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი და უბანი, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, მიღწევადობის თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო კომფორტული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „ზიმომ“ შეასრულა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.188.965 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.