Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობების საკითხის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

57091a0a9d97a
BM.GE
09.04.16 18:59
1113
კოოპერატიულ ბინათმშენებლობის საკითხი გადაუჭრელი და ქრონიკულად სადაო პრობლემაა, რომელიც ხმაურიანი აქციებისა და სასამართლო დავების საგანი არა ერთხელ გამხდარა. ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა. სახელმწიფომ კი თავის მხრივ მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, თუმცა ბინების უმეტესობის მშენებლობა ან შეჩერდა, ან საერთოდ არ დაწყებულა.
 
საქართველოს მთავრობამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარება თბილისის მერიას დაავალა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი 9 მარტს მოაწერა. რა ბედი ელის კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს საქართველოში და როგორ შესრულდება პრემიერმინისტრის დავალება, - თემაზე “საქმიან დილასთან“ მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კარლო ლაფერაძე საუბრობს.

- ბატონო კარლო, რეალურად არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ თბილისის მერიამ ეს საკმაოდ რთული დავალება შეასრულოს?

- ეს არის პრობლემა, რომელიც ქვეყანას გასული საუკუნიდან მოყვება და სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის თანახმად ეს ვალდებულება აღიარებულია საშინაო ვალად, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებას, რომელიც საზოგადოების მიმართ აკისრია პასუხისმგებლობას იღებს. რაც შეეხება 9 მარტის აქტს, ამით ცენტრალური მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტს ეთხოვა, რომ საკითხის და პრობლემის მოგვარების მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. გარდა ამისა, ამაში მარტო დედაქალაქი არ არის ჩართული, ამაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და მთლიანად მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ზრუნავს ამაზე და ფიქრობს როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა.

- პრობლემები ათეული წლებია ვერ აღმოიფხვრა. ერთია, რომ სახელმწიფოს ვალი აქვს აღიარებული, თუმცა მეორეა ვადები. როდის შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს და დასრულდეს?

- აქ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მექანიზმებზე საუბარი, თუ რა მექანიზმით უნდა მოხდეს ამ ვალის გასტუმრება და რა მექანიზმით უნდა დაკმაყოფილდეს ეს ხალხი.

- არსებობს თუ არა საქართველოში იმდენი მიწის ნაკვეთი კონკრეტულად ამ ადამიანებისთვის რომ გამოიყოს?

- საინტერესო კითხვაა არსებობს თუ არა ამის რესურსი და თანახმა არიან თუ არა კოოპერატივების წევრები, რომ ეს მიწის ნაკვეთები მიიღონ. მათ რესურსი არ აქვთ. როდესაც ჩვენ მათ ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდენთ. იმ მექანიზმებზე ვფიქრობთ, რა მექანიზმებით უნდა ვიმუშაოთ მათთან და ვიცით, რომ ეს ერთი მექანიზმი ვერ იქნება. რამდენიმე მექანიზმის შემუშავება მოგვიწევს. არიან კოოპერატივების წევრები, არიან ისეთი ოჯახები, რომელთათვის ეს მისაღები არ არის, იმიტომ რომ შემდგომ ამ მიწის ნაკვეთს განვითარება და რეალიზება სჭირდება. ამიტომ რამდენიმე კატეგორიად უნდა დაიყოს. ადამიანები, რომლებიც მზად არიან სახელმწიფოსგან უძრავი ქონება მიიღონ და ადამიანები, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან და მათ ის მოლოდინი აქვთ, რომ იმ შესაბამის ბინას მიიღებენ, რაც ეკუთვნით, რაზეც თავის დროზე თანხა შეიტანეს. ჩვენ ეს პრობლემები გამოვყავით და იდენტიფიცირება განვახორციელეთ იმ მიწის ნაკვეთების, რომლებიც თავის დროზე ამ კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის იყო გამოყოფილი.

კონკრეტული ლოკაციები დედაქალაქში დღეს გვაქვს, სადაც კოოპერატივისთვის არის განსაზღვრული და დარქმეულია, რომ ეს არის აი, ამ კოოპერატივის მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთების ნაწილი ბიზნესისთვის რენტაბელურია, ნაწილი არ არის. ამიტომ, რომელიც რენტაბელურია ამაზე თავისუფლად ვესაუბრებით ჩვენ დეველოპერებს და ვთავაზობთ, რომ მშენებლობა განახორციელონ და დააკმაყოფილონ. რომელიც არ არის რენტაბელური ამისთვის მექანიზმს ვფიქრობთ, რა საშეღავათო მოდელი შეიძლება შეიქმნას იმისთვის, რომ ეს მშენებლობა მათთვის საინტერესო იყოს და იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდეს, რომლებიც კოოპერატივების წევრები არიან. ასეთ შემთხვევებში რამდენიმე მოდელია. ესენია: ჩვენ განვიხილავთ რაიმე სხვა ქონების გადაცემას მათთვის საშეღავათო პირობებით, ეს შიძლება რიგ შემთხვევაში მომიჯნავე ტერიტორია იყოს, რომელიც სახელმწიფოსია ან მუნიციპალიტეტის. ჩვენ ასევე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ან საერთო მოსაკრებლის კოეფიციენტის გადავადებაზე ვფიქრობთ, ან მის მოხსნაზე, შემცირებაზე და ა.შ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს?

- ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და არ დავიწყეთ ფიქრი ამ პრობლემის მოგვარებაზე კოოპერატივის წევრებისაგან დამოუკიდებლად. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, ჩვენ არ გვინდა ისეთი მექანიზმი შევქმნათ, რომელიც ვერ იმუშავებს. იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი ათწლეულები მექანიზმები შეიქმნა, რომლებმაც რაღაც დროში იმუშავა და მერე ამ მექანიზმებმა რეალიზება ვერ ჰპოვა. ამიტომაც ჩვენ გვინდა მათთან შეთანხმებით მექანიზმების ის მოდელი შევქმნათ, რომელიც იმუშავებს და აუცილებლად არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომაც და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სანამ სრულად არ მოხდება მათი დაკმაყოფილება ამ მოდელმა იმუშაოს.

- კონკრეტულად რამდენ მიწის ნაკვეთზეა საუბარი თუ იცით?

- მთლიანად საქართველოს მასშტაბით 90 კოოპერატივია, დედაქალაქის ტერიტორიაზე კი 44 კოოპერატივი.

- დაზარალებულების რაოდენობა ზუსტად ცნობილია?

- დაზარალებულების რაოდენობაზეც იყო საუბარი და ამ ოჯახების იდენტიფიცირება შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის საშინაო ვალად აღიარებული, ჩვენ კონკრეტული გვარი ვიცით, კონკრეტული ადამიანები, მათი გადახდები, მათი შენატანები და სწორედ ამ ვალის დათმობის სანაცვლოდ უნდა განვახორციელოთ ჩვენ მიწოდება.

- რა ვადებში ფიქრობთ, რომ პირველი ნაბიჯები იქნება გადადგმული?

- დასრულების ვადაზე ვერაფერს გეტყვით, ამის თქმა არ იქნება სერიოზული, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში სულ რაღაც კვირებზეა საუბარი ჩვენ უკვე პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამასთან დაკავშირებით პირველ ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. პროცესი დაიწყება.

- იმისათვის, რომ თავად ინვესტორები დავაინტერესოთ, რაიმე შეღავათებს თუ გასცემს მერია და დანახარჯებთანაც თუ იქნება ეს დაკავშირებული?

- სახელმწიფო და მერია მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერი საშეღავათო მექანიზმი შეიმუშაოს. ნებისმიერი შეღავათი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის შეღავათების ჩამონათვალი, რომლის შეთავაზებაც ინვესტორისთვის უნდა გავაკეთოთ.