Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაია მელიქიძე: თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ მუშაობს

571f4be905be7
BM.GE
26.04.16 15:04
1052
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპოზიტების დაზღვევის საკითხი არასამთავრობო სექტორთან განიხილეს. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას ემხრობა როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორი. მაია მელიქიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა იმ საკითხებზე თუ როგორ უნდა მოხდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ასანაზღაურებელი ფონდის შექმნა და მისი საბჭოს ფორმირება.
 
მისივე თქმით, კანონპროექტი ჯერ მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა და საბანკო სექტორი მის ამოქმედებას 2020 წლიდან ითხოვს, ნაცვლად 2018 წლისა. მაია მელიქიძე ამბობს, რომ დღეს კომერციული ბანკები საქართველოში გაკოტრების რისკის წინაშე არ არიან, თუმცა ახალი სისტემის ამოქმედება ქვეყანაში დეპოზიტარების რიცხვს გაზრდის.

"თუ ბანკს შეექმნება გარკვეული ფინანსური პრობლემა და დადგება მისი გაკოტრების საკითხი დეპოზიტარების თანხები იქნება გაცილებით უფრო მეტად დაცული. იმისთვის, რომ რისკები დაზღვეული იყოს, მსგავსი სისტემა მუშაობს ძალიან ბევრ ქვეყანაში.

თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი სადაც ეს სისტემა არ მუშაობს. გვახსოვს, რომ 2008 წელს დეპოზიტარებმა დაიწყეს თანხის გატანა კომერციულ ბანკებიდან. ეროვნული ბანკი არის გარანტი ქვეყანაში კომერციული ბანკების სტაბილურობის, თუმცა გარკვეული ინსტრუმენტი მაინც საჭიროა, იმისთვის რომ დეპოზიტების განთავსება მოსახლეობამ უფრო აქტიურად განახორციელოს და ეს თანხები არ იყოს კომერციულ ბანკებს გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.