Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაჰირ მამედოვი: საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება "სოკარზე" არ აისახება

568cd5f837ce0
BM.GE
06.01.16 12:37
1176
"აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი საქართველოს გაზის მუდმივად მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებს", - განაცხადა SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა. მისი თქმით, საქართველოში ირანული გაზის შესაძლო მიწოდება, ქვეყანაში SOCAR-ის ოპერირებაზე არ აისახება.

"საქართველო-ირანს შორის მოლაპარაკებების მიზეზებზე, უმჯობესია კომენტარი ქართულმა მხარემ გააკეთოს. კომპანია SOCAR-ს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც ხორციელდება და მომავალშიც სრულად განხორციელდება", - ამბობს მამედოვი აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. მანვე განაცხადა რომ ამ ეტაპზე საქართველო გაზის დამატებით მოცულობას არ საჭიროებს.
 
"საქართველოს ბაზარზე გაზის მოთხოვნა წელიწადში მხოლოდ 8-10 პროცენტით იზრდება და SOCAR-ი ამ ზრდას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბაზარზე მოულოდნელად გაზის უკმასრისობა შეიქმნა, აზერბაიჯანს ამ მოცულობების შევსება და დაკმაყოფილება შეუძლია, რადგან დღეს იგი საქართველოს კომერციულ ბაზრებსაც უზრუნველყოფს გაზის მიწოდებით. ჩვენ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და კონსულტაციებს გავდივართ", -აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.