Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომი" მომხმარებელთა უფლებების რეგლამენტის დამრღვევად სცნო

569cf2b18dd78
BM.GE
18.01.16 18:10
1235
კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომი" "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის დამრღვევად სცნო. შპს "მაგთიკომს“ 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა დაევალა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ. მაგთიკომის წინააღმდეგ "კვირის პალიტრის" წარმომადგენელმა კომუნიკაციების კომისიას გასულ ზაფხულს მიმართა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, სატელეფონო ნომერზე, 2015 წლის თებერვლის თვეში 18 დღის ვადაში ამოიწურა შეძენილი 10 000 მბ. ინტერნეტის ლიმიტი და შემდგომ 10 დღის განმავლობაში აბონენტს ამ ნომერზე დაერიცხა 1813,86 ლარის ოდენობის დავალიანება, ლიმიტის ამოწურვის თაობაზე მისი გაფრთხილების გარეშე.
 
კომისია აღნიშნავს, რომ შპს "მაგთიკომსა" და შპს "კვირის პალიტრას" შორის 2014 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახული მომსახურების მიწოდების პირობებიდან გამომდინარე, შპს "კვირის პალიტრასთვის" ცნობილი იყო "ულიმიტო" პაკეტის ფარგლებში 10 000 მბ-ის ამოწურვის შემთხვევაში ინტერნეტ-მომსახურების 1 მბ-ის 0.35 ლარის ღირებულების პირობით მიწოდების თაობაზე. ამასთან, მომხმარებელს თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია მისთვის სასურველი ანგარიშსწორების პირობა, კერძოდ, ანგარიშსწორება შემდგომი გადახდის პირობით მხარეთა მიერ შეთანხმებული განსაზღვრული თანხის (ლიმიტის) ფარგლებში.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს "მაგთიკომს" არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ, მას არ უნდა მიეცეს გაფრთხილება "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის.

კომისიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს "კვირის პალიტრას" საჩივარი შპს "მაგთიკომის" მიერ მისთვის დარიცხული სადავო დავალიანების - 1813,86 ლარის ჩამოწერის თაობაზე, შპს "კვირის პალიტრასთვის" გაუწეველ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.