Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კახა გოგოლაშვილი: დიდი ალბათობით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულისთვის უნდა მივიღოთ

56fe2ecfb74d7
BM.GE
01.04.16 12:03
1295
"დიდი ალბათობით, საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ზაფხულიდან მიიღებს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისი ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისიის წინადადების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ტრადიციულად 4-დან 6 თვემდე გრძელდება. გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუკი ევროპაში სიტუაციის გამწვავება არ მოხდა, ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესი საქართველოსთვის ზაფხულისთვის დასრულდება.
 
- ბატონო კახა, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რა პროცედურებთან გვაქვს საქმე?

-  ცნობილია, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთულია. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოგვცეს. დაპირება არის და ეს ჩვენ აუცილებლად გვექნება უვიზო მიმოსვლა. კეთილგანწყობაა და რა თქმა უნდა, გადამწყვეტია როლი წევრ ქვეყნებს ენიჭებათ, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელობა ენიჭება ევროპარლამენტს ზუსტად იგივე ხარისხით და თანაბარწილად. 2010 წლამდე, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ევროპარლამენტს ძალიან მცირე როლი ჰქონდა. მას უფრო პოლიტიკური ზედამხედველობის ორგანოს ფუნქცია ეკისრა, რომელიც ძირითადად რეზოლუციებს აკეთებდა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს ამტკიცებდა.

- 2010 წლის შემდეგ რა შეიცვალა?

- შეიცვალა ის, რომ ევროკავშირი ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, კიდევ უფრო დემოკრატიული გახდა. ევროპარლამენტი პირდაპირ მოსახლეობას წარმოადგენს. ეს პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების საშუალებაა უფრო მეტად, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს წევრები, მინისტრები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

ბევრი კითხვის ნიშნები ისმეოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დემოკრატიულია, მინისტრები რომ ბრიუსელში ჩადიან, არ ეკითხებიან საკანონმდებლო ორგანოებს და გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც შემდეგ აუცილებლად უნდა შესრულდეს, - წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, რომ ეს გადაწყვეტილებები და კანონები აღასრულონ. ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტს როლი გაეზარდა, ევროპარლამენტი დღეს თანაკანონმდებელია.

ჩვენს შემთხვევაში, საუბარია მოკლევადიან უვიზო მოგზაურობაზე სამი თვის განმავლობაში. აქ დიდ ცვლილებებს ადგილი არ აქვს. ეს ძალიან მარტივი ცვლილებაა, მაგრამ ამის გადაწყვეტილება შემდეგნაირად მიიღება - მას შემდეგ, რაც ევროკომისია საკანონმდებლო განაცხადს ან წინადადებას აკეთებს, ეს წინადადება ერთდროულად მიდის ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში, ანუ მინისტრების საბჭოში და ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტს რაც შეეხება, ის განხილვას იმ მიზნით იწყებს, რომ ან შეიტანოს ცვლილებები კანონპროექტში, ან რაღაც შეასწოროს, დაამატოს, რომ შემდეგ პირველი მოსმენით მიიღოს იგი. პირველი მოსმენით თუ არ იქნა მიღებული, ევროკავშირის საბჭო ამ კანონპროექტს ვერ განიხილავს, ანუ ევროპარლამენტის როლი ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია. მან თუ პროცესი გააჩერა, მაშინ ევროკავშირის საბჭოს უფლება არ ექნება, რომ გადაწყვეტილება საერთოდ განიხილოს. პირველი განხილვის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის მიერ ცვლილებები და წინადადებები უკვე დამუშავებულია, ევროკავშირის საბჭოს ეძლევა უფლება და ის განხილვას იწყებს.

გადაწყვეტილების მიღების წესი კიდევ ცალკე საკითხია. ის საკმაოდ დემოკრატიულია, ქვეყნების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობით. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ორი გადაწყვეტილების წესი არსებობს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილი არ არის ზუსტად რა წესს გამოიყენებენ.

ლისაბონის ხელშეკრულებამ ახალი წესი შემოიტანა, რომელიც გამარტივებულია და ქვეყნების უმრავლესობა იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არსებობს ასევე ძველი წესი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ე.წ. სამმაგი უმრავლესობაა. მთავარია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ის ევროპარლამენტს უბრუნდება იმისათვის, რომ მან საბოლოოდ დაამტკიცოს ის კონკრეტული გადაწყვეტილება.

- როგორია პირადად თქვენი განცდა და მოლოდინი ვადებთან დაკავშირებით?

- დაზუსტებით ვერავინ იტყვის როდის მივიღებთ, მაგრამ დაპირება იყო რომ ზაფხულში მივიღებთ ნორმალური პროცედურის შემთხვევაში. ასე იყო წინა შემთხვევებშიც მოლდოვასთან, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთანაც.

წინადადება, როდესაც შეაქვს ევროკომისიას, მას შემდეგ 4-დან 6-თვემდე პერიოდს მოიცავდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. საქართველო იმ სიტუაციაში მოხვდა, როდესაც ევროპაში მდგომარეობა გართულდა და ამიტომ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისა, რომ ევროკავშირმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება არ არის. თუ ევროპაში სიტუაციის გამწვავება და გართულება არ მოხდა, დიდი ალბათობით ჩვენ უვიზო მიმოსვლა ზაფხულისთვის უნდა მივიღოთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს საქართველოშიც რაიმე უარყოფითი ცვლილებები არ მოხდეს. ახლა, როგორ სიტუაციაშიც ჩვენ ვართ, როგორც ევროპა ამ მომენტისთვის გვაფასებს, იგი მზად არის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა მოგვანიჭოს.