Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ივა ჭყონია: მოსამართლეები კომპეტენტურები არ არიან, რომ ბიზნესის დავები გადაწყვიტონ

56eff331e9cee
BM.GE
21.03.16 17:08
1123
სადისტრიბუციო კომპანიებს პრობლემები ექმნებათ. მსხვილ სავაჭრო ქსელებს მათ მიმართ მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ, რასაც არ იხდიან. სადისტრიბუციო კომპანიები ამბობენ, რომ პრობლემები 2013 წლიდან მოყოლებული "გუდვილი"-ს, "მარშე"-ს და "პოპული"-ს გამოუძიებელი საქმეების ფონზე სულ უფრო მეტად ღრმავდება და არც კონკრეტული მექანიზმი ჩანს კუთვნილი თანხა როგორ მიიღონ. საკითხზე “ბიზნესკონტაქტთან“ კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, ივა ჭყონია საუბრობს.
 
- როგორ ფიქრობთ, სასამართლო პროცესები რატომ ჭიანურდება?

- ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდეს და ეკონომიკურად ძალიან უკან დაგვხიოს. რატომ ჭიანურდება ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს და ზუსტად ამ კითხვას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს ვუსვამ და შესაბამისი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან დახმარებას ვითხოვ. ნამდვილად არ ვიცი, მოსამართლე - ბესიკ სისვაძე იგივე "მარშეს" საქმეს რატომ აჭიანურებს. დაახლოებით მესამე წელი დაიწყო და პროცესი მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ ჩაინიშნა. აქვე აღვნიშნავ ბოლო პროცესზე, როდესაც ჩვენ შევხვდით, დავინტერესდით "მარშეს" რა რეალიზაცია ჰქონდა 2013-2014 წლებში. მათივე თქმით, დაახლოებით 13 მილიონის რეალიზაციის პირობებში მოგება თურმე 80 000 ლარი დარჩა. ყველა ხვდება რა სასაცილო ციფრებზეა საუბარი. წარმოებას, რომელიც საკმაოდ დიდ მარჟაზე მუშაობს, როგორ შეიძლება, რომ 13 მილიონიან რეალიზაციაში 80 000 ლარი დარჩეს. ეს სრული აბსურდია. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება. თუ არის იმის საშუალება, რომ მოსამართლეების მხრიდან რიგი პროცესები 1-2 ან მაქსიმუმ 1 კვირაში დამთავრდეს და განიხილონ, ეს პროცესები ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება. აქვე დავძენ, რომ მოსამართლეები კომპეტენტურები არ არიან, რომ ბიზნესის დავები გადაწყვიტონ.

კიდევ ერთ დავას აღვნიშნავ, რომელიც შარშან დეკემბრის თვეში დავიწყე და პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა. ეს ძალიან დიდ ფინანსურ დარტყმას გვაყენებს, რაც განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის ძალიან მტკივნეულია. ამბობენ, რომ დავალიანებების ერთ-ერთი მიზეზი ლარის კურსია. ეს ხომ დაცინვაა. იგივე ლარის კურსი მე არ მეხება, ჩემს კომპანიას მტკივნეულად არ ეხება? განსაკუთრებით, როდესაც უცხოური კომპანიის წარმომადგენელი ვარ და 100 პროცენტით ვალუტაზე ვარ დამოკიდებული, იგივე ევროზე და დოლარზე.

ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. რამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და არც ერთმა შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ, არავინ მოიკითხა, თუ რატომ მივიდნენ "პოპული" ან იგივე "მარშე" გაკოტრებამდე, რატომ აირჩიეს ეს გზა და ამ პერიოდში ამ კომპანიებს მილიონობით ლარი რატომ შერჩათ, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ეს დაუსჯელობის სინდრომი ასე გაგრძელდება, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება და ჩვენც სადისტრიბუციო კომპანიები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით.

- ზარალის მასშტაბზე რას გვეტყვით, კონკრეტულად თქვენი რომელ კომპანიებს მართებთ და დაახლოებით რა მოცულობის თანხაზეა საუბარი?

- რაც ქსელებს მართებს აქ მილიონობით ლარზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ჩემი კომპანიის დაახლოებით ერთი წლის მოგება რაც უნდა ყოფილიყო, კომპანიებმა "მარშემ" და "პოპულმა" წაიღეს. რომ არა ბანკის მხარდაჭერა იმ პერიოდში საშინელ ვითარებაში მოგვიწევდა ყოფნა და ასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩებოდა და მეც და ჩემი პარტნიორებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდით. დიდი დავალიანებები გვაქვს, როგორც ბანკის, ასევე ჩვენი მომწოდებლების მიმართ.

- თქვენს პრობლემებს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე რა გავლენა აქვს?

- ამ ეტაპზე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ ბევრმა კომპანიამ ამ დიდ დარტყმას, რომელიც ამ ორმა გაკოტრებულმა კომპანიამ მიაყენა, ვერ გაუძლო. იგივე თუ განმეორდა სხვა კომპანიებიდან, დამერწმუნეთ, რომ ათობით დიდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დღეს ბაზარზეა გაკოტრდება და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. ბიუჯეტს ასობით მილიონი ლარი დააკლდება. სწორედ აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევას ვითხოვ. უპირველესად, გამოიძიონ გაკოტრებით რატომ წავიდა იგივე "პოპული" თუ "მარშე", ეს რამ გამოიწვია. ეს რა თქმა უნდა პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ უნდა გამოიძიოს. იმიტომ, რომ ხვალ ნებისმიერმა რითეილმა ანალოგიური კუთხით რომ გამოაცხადოს და თავი რეაბილიტაციაზე გაიტანოს, ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავარდებით. არსებულ დავალიანებებს სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს ვადა უჩერდებათ. ფაქტიურად მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენს მიმართ დავალიანებად აქვთ ზემოდ ხსენებულ კომპანიებს, როგოც უფასო კრედიტი ისე აქვთ და საბრუნავ საშუალებად იყენებენ. ჩვენ ამ თანხებზე, რომელიც მათ მართებთ, ბანკში პროცენტების გადახდა გვიწევს. არასტაბილურად აღიქმება თვითონ ჩვენი ქვეყანაც, იმიტომ რომ მე საქართველოში ერთ მსხვილ კომპანიას წარმოვადგენ, მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მსხვილმა რითეილმა თანხა არ გადაიხადოს და პლიუს ეს დავა სასამართლოში წლობით გაგრძელდეს. ათობით ფურცლის გადათარგმნა მომიწია ინგლისურად და მათთვის გადაგზავნა, რომ ამ პრობლემის არსებობაში დარწმუნებულიყვნენ.

- სასამართლო დიდ დროს უთმობს ამ საქმეების წარმოებას?

- საქართველოში ბიზნესის კუთხით სასამართლო არ არსებობს. ამას უკვე ხმამაღლა ვაცხადებ. იმიტომ, რომ დავები, რომლებიც დღეეებში უნდა გადაწყდეს, წლობით გრძელდება. ეს კი ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია. პრემიერმინისტრი ეკონომიკასა და ბიზნესში საკმაოდ კარგად ერკვევა და მინდა მას ვთხოვო, რომ ამ პრობლემას გულისყურით მოეკიდოს. მზად ვარ სრულიად უანგაროდ შევთავაზო ჩემი თავი და ნებისმიერ ჯგუფს კონსულტაციას უფასოდ გავუწევ, რომელიც ამ საკითხებზე ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნება.

- ეს კომუნიკაცია აქამდე არ გქონიათ?

- რა თქმა უნდა გვქონდა, იმდენი წერილი მაქვს გაგზავნილი სათითაოდ ყველა ორგანოსთვის, ბოლოს უკვე წერილობით პრეზიდენტსაც მივმართე, რომ რამენაირად დაგვეხმაროს, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ გამოგვხმაურებია. არგუმენტიც არ არის, ფაქტიურად ყველა წერილი პასუხგაუცემელია.