საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 2016 წლის 17 აპრილს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.
წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა.
"TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო - ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე", - განმარტავენ საქართველოს ბანკში.
"საქართველოს ბანკი დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს", - განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, მურთაზ კიკორიამ.