Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იციკ მოშე: ისრაელში ყოველწლიურად მხოლოდ იდეის ექსპორტით 5 მილიარდი შემოდის

566c905b18fe7
BM.GE
13.12.15 12:20
2097
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე საქართველოს სტარტაპების მეტ დაფინანსებას ურჩევს. მისი თქმით, ისრაელს ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და მხოლოდ იდეების გაყიდვით ქვეყანაში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი შედის. იციკ მოშე ამბობს, რომ საქართველოს სტარტაპების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ანალოგად კი ქვეყანას ისრაელის მაგალითის გადმოტანა შეუძლია.
 
- საქართველოს ეკონომიკის გასაღები ელჩების ხელშია, - ამ განცხადების შემდეგ, ხედავთ თუ არა კონკრეტულ პროგრესს და ნაბიჯებს საქართველოს მთავრობის მხრიდაან?

- შევეხები საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ ჭრილში გარედან დანახულ საქართველოს. მე საქართველოს ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სხვადასხვა გამოცდილების ისრაელისგან გადმოტანა არის ძალიან აქტუალური. ელჩები წინა ხაზზე არიან და როდესაც რომელიმე ქვეყანაში ელჩი მუშაობს, მან განსაკუთრებულად კარგად იცის, რა ხდება იმ ქვეყნის, ბიზნეს საზოგადოებაში. ადამიანი, რომელიც ბიზნესში მოღვაწეობს და დიდ წარმატებას აღწევს, მისი ოცნება, არის, რომ დიდი ფული იშოვოს და შემდეგ, მისი ქვეცნობიერი ოცნება არის, რომ აღიარება მიიღოს თავისი, ან უცხო ქვეყნიდან. მე არ მინახავს არც ერთი ბიზნესმენი, რომელიცუარს იტყოდა ელჩის ზარზე, რომელიც ეტყვის რომ მისი ქვეყნის პრემიერი ან პრეზიდენტი ელოდება. თუ ელჩები ამას გააკეთებენ, მე მჯერა რომ, საქართველოში თვეში, 30 ინვესტორის ჩამოყვანაა შესაძლებელი. ამან კი მილიარდზე მეტი თანხა შეიძლება მოიტანოს ქვეყანაში. მე ბედნიერი ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბევრ შეხვედრაზე, ისრაელთან ურთიერთობებზე საუბრობს.

- რაში ხედვთ თქვენ გამოსავალს, რომ ქვეყანაში იაფი ფული გაჩნდეს?

- ისრაელი ერთ დროს საქართველოს დონეზე იყო. როდესაც ქვეყანა ამ ეტაპზეა იაფიანი ფული მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა წამოიწყოს წარმოება, ეს არის “სტარტაპი". შეიძლება სხვა ქვეყანაში ეს ნაკლებად აქტუალური იყოს, - მაგალითად, გერმანიაში ნაკლებად აქტუალურია, რომ “სტარტაპები’’ დაფინანსდეს. საქართველოში ეს აქტუალურია. არ მინდა ქართული მხარით შევეხო ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ჩვენ ისრაელის გამოცდილებას ავიღებთ, ამ ეტაპზე იაფი ფული აუცილებელია, რათა ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდეს.

ძნელია ისრაელი და საქართველო ერთმანეთს შეადარო, ვინაიდან ისრაელში მეტი სახსრები არსებობდა იმისთვის, რომ დაფინანსებულიყო პატარა ბიზნესები. საქართველოში ამისთვის ალბათ სხვა გზები უნდა გამოინახოს, მაგრამ მე ამ საკითხის ექსპერტი არ ვარ და მხოლოდ პრობლემებზე ვისაუბრებ.

- 2015 წლის ბოლოს როგორ აფასებთ საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებს? ხომ არ არის აქტივობა ორივე მხრიდან შენელებული?

- საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენ ორივე მხარეს ვიცნობთ. ვიცით ორივე მხარის პოტენციალი, საჭიროება და ის თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის კონკრეტული პროექტებიც ცნობილია, ვინაიდან ამ პროექტებში ჩართულები ვართ. ჩვენი საქმიანობით საქართველოში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციებია შემოსული. ეს ყველაფერი 2 წლის განმავლობაში მოხდა. მსოფლიო კრიზისის გამო, ეს ციფრი არ გაზრდილა. ბიზნესმენების და ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ გრაფებზე არ არის დამოკიდებული. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, მსოფლიო ბანკი რას ამბობს და რა სიტუაციაა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ვიზიტი ისრაელში იყო პირველი დაგეგმილი ვიზიტი ბოლო წლებში. ამ ვიზიტმა საქართველოში 6 ახალი ინვესტიცია მოიტანა, და მჯერა, რომ მომავალ წელს ეს ინვესტიციები დასრულდება. კონკრეტულად საუბარია ტურიზმის ინდუსტრიაზე, თბილისში 5 ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს. ეს 6 პროექტი ბევრია თუ ცოტა, ამას ვერ ვიტყვით და ვერ შევადარებთ სხვა ქვეყნებს. შვადაროთ რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში. იმ ფონზე როდესაც, ბოლო წელს არც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელიდან ერთი დოლარიც არ გასულა, - ისრაელიდან ინვესტორები საქართველოში ჩამოდიან და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ისრაელიდან მეტი ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყნის მთავრობის აქტიური მუშაობაა საჭირო.

- თქვენ კალკულაცია და პროგნოზები გაქვთ გაკეთებული, მათ შორის მომავალ წლებთან დაკავშირებით...

- ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს საქართველოს მთავრობასთან ერთად ორი მიმართულებით ვიმუშაოთ. ერთ-ერთია ტურიზმის მიმართულება. გვსურს ისრაელიდან თბილისში ტურისტები უქმეებზე ჩამოვიდნენ. ტურიზმი ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ისრაელიდან წელიწადში ოთხი მილიონი ტურისტი გადის. მეორე სფეროა“სტარტაპები“ მაღალ ტექნოლოგიებში. ისრაელი არის ის ქვეყანა, სადაც 700-მდე გამოგონება 50 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ყოველწლირად, ჰაერის ანუ იდეის ექსპორტით ქვეყანაში 5 მილიარდი შემოდის. საქართველოშიც რომელიმე უწყებიდან “სტარტაპების“ დაფინანსება უნდა დაიწყოს. ისრაელის მოდელის გადმოწერით გვჯერა, რომ საქართველოში “სტარტაპები" განვითარდება. რაც მთავარია საქართველოში ამის მონაცემები არსებობს. ქართველში ეს ბუნება არის და მინდა განვაცხადო, რომ პირველი გამოგონება საქართველოში ყველაზე პატარა სოფელში, ყველაზე ღარიბი ოჯახიდან მოხდება. მჯერა, რომ ქართული ბუნება, ხედვა და კომბინაცია არის “სტარტაპების“ გამოგონების შესაბამისი და ამ მხრივ საქართველოს უდიდესი მომავალი აქვს.


გადაცემა "ბიზნესკონტაქტი"