Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ღვინის ინდუსტრია ყურძნის ფასის სუბსიდირებას წელსაც ელოდება

56dfc40508a20
დავით ჯალაღონია
09.03.16 10:30
1608
ღვინის ინდუსტრია ყურძნის ფასის სუბსიდირებას წელსაც ელოდება. როგორც ღვინის უმსხვილესი კომპანიები "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებენ, მათ 2015 წლის მოსავლიდან ღვინის მარაგები დარჩათ, ამიტომ ყურძენზე მოთხოვნა მიწოდების შესაბამისი არ იქნება.

"შარშანდელთან შედარებით წელს ოდნავ უკეთესი ვითარებაა, მაგრამ მაინც ჭარბად იქნება როგორც თეთრი, ისე შავი ყურძენი. რეალიზაციის არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, დარგი ვერ შეძლებს მოსავლის სრულად ათვისებას, შესაბამისად, სავარაუდოდ, სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობის ტარებას განაგრძობს და ჭარბ ყურძენს შეიძენს, ასევე სუბსიდიის კომპონენტს გამოიყენებს", - აცხადებს კომპანია "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი.

ჭარბი მარაგების გარდა, რომელიც თითქმის ყველა კომპანიის ბალანსზეა, როგორც "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი ზურა ჩხაიძე აღნიშნავს, მიმდინარე პერიოდში ღვინის სარეალიზაციო ფასი პრაქტიკულად, თვითღირებულებას უტოლდება, რადგან გასულ წელს ტრადიციულ საექსპორტი ბაზრებზე არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ბიზნესის ამ სექტორს გაყიდვების სტიმულირებისთვის ფასების შემცირება მოუწია, რაც კომპანიების შემოსავლებზე უარყოფითად აისახა. ჩხაიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიები წელს ყურძენში მაღალ ფასს ვერ გადაიხდიან, მთავრობას კი სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება კვლავ მოუწევს.

"ამ სუბსიდიამ სოციალური პროგრამის სახე მიიღო და ვფიქრობ, წელსაც საჭირო იქნება. ზოგადად, არავის სურს, რომ დასახმარებელი იყოს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთავრობამ ყურძნის შეძენა ყოველ წელს უნდა დააფინანსოს. აი, მაგალითად, წამალი როდის გჭირდებათ? - როცა ავად ხართ. ამ შემთხვევაში, ეს ჩვენს დარგს სჭირდება", - აცხადებს ჩხაიძე.

რაც შეეხება ყურძნის სავარაუდო ფასს, "შუხმან ვაინს ჯორჯიას" მმართველი დირექტორის ნუცა აბრამიშვილის აზრით, წელს სავარაუდოდ, შარშანდელი ფასები შენარჩუნდება.

"სავარაუდოდ, სუბსიდიის პოლიტიკა გაგრძელდება. გლეხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მიიღოს", - მიიჩნევს ნუცა აბრამიშვილი.

კითხვაზე, როგორ განვითარდება მევენახეებსა და კომპანიებს შორის ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მთავრობა ყურძენზე დაბალი ფასის შემთხვევაში სუბსიდიისთვის საბიუჯეტო თანხებს არ დახარჯავს, ნუცა აბრამიშვილი, ისევე როგორც ზემოთ დასახელებული კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ გარკვეული დაბრკოლების შემდეგ, მხარეები ურთიერთობას საბაზრო პრინციპებით გააგრძელებენ - ფასს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს.

წელს ყურძნის სუბსიდირების საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას პოზიცია უკვე ცნობილია.

"ჩვენ ამ თემაზე გუნდში არ გვისაუბრია და ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ რამდენიმე მოდელი გვაქვს, თუმცა რომელს ავარჩევთ, ეს გუნდის გადასაწყვეტია. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჭარბი ყურძნის შესყიდვის ნაწილში იგივე პოზიცია გვექნება", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ დანელიამ.

შეგახსებნებთ, რომ 2015 წელს სამინისტრომ სუბსიდიის სახით 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი დახარჯა, საფერავზე - 15 თეთრი.