Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გურიაში ეთერზეთოვანი კულტურების საწარმოს შექმნაში 3,5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

56ec0b737f680
BM.GE
18.03.16 18:05
1170
კომპანია Green Village გურიაში მინიმუმ 3,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე Global Uni Group-ის დამფუძნებელს ლაშა ჟვანიასა და კომპანიის გენერალურ დირექტორს დავით ალექსიძეს შეხვდა.
 
კომპანია Green Village 2011 წელს ჩამოყალიბდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას ეთერზეთოვანი კულტურების მოყვანასა და წარმოებას წარმოადგენს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული კომპანია გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 272 ჰა მიწის ფართობზე, ეთერზეთოვანი ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. კერძოდ 60 ჰე-ბერგამუტი (citrus bergamia); 60 ჰა ბიგარადია (ბიგარადე ორანგე), ხოლო დარჩენილ ფართობზე სხვა ეთერზეთოვანი კულტურების დარგვასა (მაგ: ზამბახი, ჟასმინი, ევკალიპტი, კამელია, დაფნა) და საცდელი მეურნეობის გაშენებას, სადაც მოხდება ახალი ჯიშების გამოყვანა. ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ათას ძირზე მეტი უნდა განთავსდეს.

რეგიონში მიღებული ნედლეულიდან ეთერზეთის მიღება გადამამუშავებელ საწარმოში მოხდება, რომელიც ქობულეთში კომპანიის საკუთრებაში არსებული ყოფილი პურის ქარხნის "აჭარპური"-ის ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიის მიერ ამ პროექტის განხორციელებისათვის საპროგნოზო ინვესტიცია მინიმუმ 3,5 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც უნდა მოხმარდეს სანერგე მასალის შეძენას, ნერგების დამზადებას, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გამართვას, ნერგების დარგვას, დანადგარების შეძენას, გადამამუშავებელი საწარმოს, ლაბორატორიისა და საოფისე ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის განხორციელების შედეგად კომპანიაში დამატებით 45 ადამიანი დასაქმდება (30 გურიაში და 15 ქობულეთში). ხოლო მოსავლის დაკრეფის პერიოდში დამატებით 400 ადამიანი.

"მინდა მადლობა გადავუხადო Global Uni Group-ის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენ შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები გურიაში ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.