Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი პერტაია: ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნება

572b5d547ab79
BM.GE
05.05.16 18:43
1103
საინვესტიციო სააგენტო მომდევნო 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში მსხვილ ინვესტიციებს ელოდება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ინვესტიციები სეზონურობით ხასიათდება და ისინი ხანგრძლივ კვლევას მოითხოვს.
 
"რაც არ უნდა მოხდეს მომავალში ქვეყანაში, როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს და როგორც არ უნდა განვვითარდეთ, შემდეგი დეკადების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნება. 

მე არ მჯერა იმის რომ ენერგეტიკის სფეროში, ჰიდროელექტროსადგურებში ჩვენ რაღაც პოზციებს ვკარგავთ უცხოეური ინვესტიციების ნაწილში, პირიქით ძალიან ბევრი ინვესტიციები შემოდის.

აქ საუბარია იმაზე რომ პროექტების ნაწილი კვლევის ეტაპზეა და კვლევას ხშირად ერთი წელიც სჭირდება, მას შემდეგ რაც რეალური სამუშაოები დაიწყება, ეს აისახება.

ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ინვესტიციები არის სეზონური, მათი ნაწილი არის მაღალ მთაში და ზამთრის პერიოდში იქ სამუშაოების ჩატარება რთულია.

დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ამ სფეროში ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდება", - განაცხადა პერტაიამ.

გიორგი პერტაიამ საპარტნიორო ფონდის კორპორაციად გარდაქმნის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდის რესურსები იმ პროექტებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც მთავრობის სტრატეგიასთან არის თანხვედრაში. მისივე თქმით, საინვესტიციო სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის ერთმანეთთან შედარება არასწორია. პერტაია ამბობს, რომ ორი უწყების ფუნქციები ერთმანეთისგან განსხვავდება.

"მთავარია, რომ საპარტნიორო ფონდი კერძო სექტორთან კონკურენციაში არ იყოს", - განაცხადა პერტაიამ.

"ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას პერტაიამ კომენტარი ოფშორულ ზონებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ოფშორი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

"ოფშორი არ არის ცუდი სიტყვა. კომპანია თუ არის დარეგისტრირებული ოფშორში ეს არ ნიშნავს რომ რაღაც ცუდად არის ან დამალულია, ეს არის აპრობირებული მეთოდი. კომპანიები ეძებენ ისეთ ადგილს სადაც ნაკლებად დაიბეგრებიან და ეს არ არის უკანონო, შესაბამისად ამაში ცუდი არაფერია", - განაცხადა პერტიამ. რაც შეეხება ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიას პერტაიას განმარტებით სახელმწიფოს მხრიდან დამატებით გამჭვირვალობის მოთხოვნა ნორმალური პროცესია.

"მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ჩვენ ქვეყანაში არსებობს ცოდნის ნაკლებობა. ვფიქრობ რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც შემოაქვს ცოდნა და გვასწავლის ახალს ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი. არის კარგი ინვესტიციები და არის ძალიან კარგი ინვესტიციები. მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია არის ძალიან კარგი ინვესტიცია. ჩვენ საქართველოს მომავალში ვერ ვხედავთ როგორც მასიურ მწარმოებელ ქვეყანას, ჩვენი ზომებიდან გამომდინარე და შესაბამისად პრიორიტეტი მომავალში იქნება ჩვენი სერვისების ექსპორტი", - განაცხადა პერტაიამ.