Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გასულ წელს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური 45 000 მოქალაქეს მოემსახურა

56a60af61a142
BM.GE
25.01.16 15:44
1383
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, დედაქალაქის მთავრობის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გასული წლის განმავლობაში, სამსახური ადმინისტრირებას უწევდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 28 პროგრამას და მისი ბიუჯეტი 86.8 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, ჯანდაცვის მიმართულებით 6, სოციალური მიმართულებით კი, 22 პროგრამა განხორციელდა.
 
თბილისის მერიის ცნობით, დავით ნარმანიამ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასა.

"ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში. 200 მლნ ლარამდე ბიუჯეტი, რაც ამ სამსახურს პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად ჰქონდა გათვალისწინებული, საკმაოდ ეფექტიანად იქნა ათვისებული. ჩვენ სამი ახალი მუნიციპალური პროგრამა დავამატეთ 2015 წელს, ასევე, 2016 წელსაც სამი ახალი პროგრამა იქნა გათვალისწინებული, რომლითაც სრულად მოვიცავით ყველა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რაც 2014 წლის ზაფხულში მივეცით თბილისელებს და როცა სამსახური სტაბილურად განაგრძობს ამ პროგრამების განხორციელებას, რასაკვირველია, ეს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე აისახება, რომელთაც სჭირდებათ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა. ერთდროულად, წლის განმავლობაში ჩვენ 45 000-მდე მოქალაქეს მოვემსახურეთ და სხვადასხვა სახის ჯანდაცვითი თუ სოციალური მომსახურება გავუწიეთ. სხვადასხვა სახის სარგებელი მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რაც, რასაკვირველია, მათ ოჯახებზე პოზიტიურად აისახა და გავაგრძელებთ კიდეც ძალიან აქტიურ მუშაობას 2016 წლის განმავლობაში. წელს ჩვენ 9 მლნ ლარით მეტი ბიუჯეტი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. ასე რომ, ამ სამსახურის საქმიანობა ნამდვილად წარმატებულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

2015 წელს ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დაინერგა, კერძოდ, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, რომლის მოსარგებლეა 325 ბავშვი, „C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების“, რომლის ფარგლებში მომსახურება მიიღო 16 107-მა პირმა და „ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ (დაფინანსდა 10 პაციენტი) პროგრამები.

სხვა პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია:

2015 წელს „ონკოპრევენციის პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების რაოდენობამ 36 333 შეადგინა.
„გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 19 440 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით“ 3 178 პირმა ისარგებლა.
ამასთან, სოციალური მიმართულებით 2015 წელს ოთხი ახალი პროგრამა განხორციელდა:
✔„სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამით“ დახმარება მიიღო 828-მა ოჯახმა.
✔„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც 16 პროექტი დაფინანსდა;
✔„სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლოთა მატერიალური დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, 900 ლარიანი დახმარება 2 380 პირმა მიიღო.
✔„სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მატერიალური დახმარების პროგრამით“ 800 ლარი მიიღო 1 933 შშმ პირმა.
სხვა ძირითადი პროგრამების დაფინანსების კუთხით მდგომარეობა შემდეგია:
✔„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, 1000 ლარიანი დახმარება 39-მა ხანდაზმულმა მიიღო.
✔„სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 382 ბენეფიციარი დაფინანსდა.
✔„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, მთისა და ზღვის კურორტზე 1650-მა შშმ პირმა და მათმა გამყოლმა დაისვენა.
✔„სოც.დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, გაორმაგებული ყოველთვიური 50 ლარიანი დახმარება 11 869 ბავშვმა მიიღო.
✔„სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების დაფინანსების პროგრამით“ 1 726 ბავშვი დაფინანსდა.
✔„სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსების პროგრამით“ 2 554 ბავშვი დაფინანსდა.
✔„სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების პროგრამით“ 1294 ბავშვი დაფინანსდა.
✔„შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარი, დეკემბრის მდგომარეობით, 841 პირი იყო.
✔„მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით“, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1000 ლარით დაფინანსდა 569 ვეტერანი და 700 ლარით - 96 ამ ომში მარჩენალდაკარგული პირი.
✔„კომუნალური სუბსიდირების პროგრამით“ ელ.ენერგიის გადასახადის სუბსიდია ხუთი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 384 ათასზე მეტმა მომხმარებელ/აბონენტმა მიიღო, დასუფთავების - 314 ათასამდე აბონენტმა, ხოლო წყლის - 326 ათასამდე აბონენტმა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2015 წელს ბენეფიციარებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატებოდა 70 001-ს, სუბსიდია გაორმაგდა და 500 ლარი გახდა.
✔„სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების პროგრამა“ ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურების დაფინანსებას. სულ, 2015 წელს, სამსახურში 25 833 განაცხადი შევიდა, საიდანაც, ნაწილობრივ ან სრულად 24 562 დაფინანსდა, ხოლო 1 271-ზე უარია ნათქვამი. საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების თხოვნით დაფინანსებულია 24 235 განაცხადი, ხოლო უცხოეთის კლინიკებში - 327.