Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკომისიამ საქართველოს მიერ GSP+ რეჟიმის ფარგლებში გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა

56af6ecccbf2a
BM.GE
01.02.16 18:40
1010
საქართველოს მიერ „GSP+“ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი განცხადებით, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, „GSP+“ რეჟიმი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მეტი შემოსავალი მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან. ის უზრუნველყოფს სატარიფო ხაზების 66%-ზე მოსაკრებლის სრულ გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ეკონომიკური დივერსიფიკაციის და იმპორტის მოცულობის კუთხით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ბენეფიციარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო „GSP+“-ის რეჟიმის ბენეფიციარი 2005 წლის ივლისს გახდა. აღნიშნული სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში პრეფერენციებით შეიტანოს 7,200 დასახელების პროდუქტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა „GSP+“-ის რეჟიმის ბენეფიციარი სახელმწიფო, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2005-2015 წლებში საშუალოდ 19 პროცენტი დაფიქსირდა. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მიუხედავად, ქართველ ექსპორტიორებს არ ეზღუდებათ „GSP+“-ის რეჟიმით სარგებლობა, რომელიც 2016 წელის ბოლომდეა გაგრძელებული. აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც ვერ სარგებლობდა „GSP+“-ის რეჟიმით, მაგალითად, ღვინო, ყველი, ცოცხალი ცხოველები, ცხვრისა და თხის ხორცი, პომიდორი, მატყლი და სხვ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადევით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა გაეროს კონვენციების შესაბამისად საქართველოს მიღწევები შემდეგ სფეროებში:

- ადამიანის უფლებების დაცვა;
- შრომითი უფლებები;
- გარემოს დაცვა;
- კარგი მმართველობა.
 
 
"საქართველომ, როგორც ბენეფიციარმა, მოახდინა გაეროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შვიდივე კონვენციის რატიფიცირება. აღნიშნული კონვენციების იმპლემენტაციის კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2014-15 წლების განმავლობაში. გარდა ამისა, საქართველომ წარმატებით შეასრულა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის 2014-15 წლებისთვის დასახული მიზნები.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მნიშვნელოვანი მიღწევები 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების წარმატებულად ჩატარებასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კრიმინალური პოლიციის ჰუმანიზაციის კუთხით. ასევე, ხაზგასასმელია არასრულწლოვან პირთა სამართლის კოდექსის შემოღება, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობის შემცირება და პატიმართა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესება. აგრეთვე 2014 წელს მიღებულ იქნა ანტი-დისკრიმინაციული კანონი და გატარდა საპროკურორო ინსტიტუციური რეფორმები. ასევე დაიწყო 2016-17 წლების ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც ეძღვნება ისეთ თემებს როგორებიცაა საარჩევნო უფლებები, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის უფლებები.

2014 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული უნარის მქონე პირთა გაეროს კონვენციის რატიფიკაცია და მომზადებულ იქნა 2014-15 წლების სამოქმედო გეგმა შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების არსებობის კუთხით. ასევე გაიზარდა ცნობადობა მოსახლეობაში შეზღუდული უნარის მქონე პირთა უფლებების შესახებ და უნარშეზღუდულ პირთა ეროვნული საბჭო უფრო აქტიური გახდა.

მისასალმებელია ადმინისტრაციულ დაკავებათა მაქსიმალური მსჯავრის 90-დან 15 დღემდე შემცირება და მოსამართლის როლის გაძლიერება მომრიგებლურ ღონისძიებებში. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა წინასწარი დაკავებების გამოყენება.

ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით საქართველომ მიაღწია ათასწლეულის განვითარების ფარგლებში დასახულ მიზანს, დაინერგა პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დაფინანსება ჯანდაცვის სექტორში. აგრეთვე აღნიშნული მომსახურება ვრცელდება ქუჩის ბავშვებზე. განხორციელებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება ოჯახური ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ადრეულ იდენტიფიცირებისა და რეაგირების კუთხით.

საქართველომ მოახდინა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გაეროს რვავე კონვენციის რატიფიცირება.

საქართველომ მოახდინა გაეროს ყველა კონვენციის რატიფიცირება გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით (ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია). ეს არის მთავარი პოზიტიური ცვლილება დაცული ტერიტორიების სისტემის კუთხით და დაცული ტერიტორიების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 7.6%-დან 8.6%-მდე.

საქართველოს რატიფიცირებული აქვს კარგ მმართველობასთან დაკავშირებული გაეროს ყველა კონვენცია და მიმდინარეობს მათი წარმატებული იმპლემენტაცია.

არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებისა და იმპორტის კუთხით, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები არსებულ კანონებში და მიიღო ახალი კანონი ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 2014 წელს. ამავე წელს, საქართველომ გაზარდა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სია არალეგალური წამლების მოხმარების უკეთესი კონტროლის მიზნით. შედეგად, მნიშვნელოვნად მოიკლო სახლის პირობებში მომზადებული წამლების გამოყენებამ და 90%-ით შემცირდა ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი 2013 წლიდან.

ასევე გამკაცრდა კონტროლი საბაჟო სამსახურებზე და განხორციელდა საბაჟო თანამშრომელთა საწვრთნელი ღონისძიებები, რამაც გაზარდა საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების დაკავების რაოდენობა. ასევე გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა საზოგადოებაში ნარკოტიკების მიერ მოტანილი ზიანის და საფრთხის ცნობადობის გაზრდის კუთხით.

მნიშვნელოვნად პოზიტიური იყო შეფასება საქართველოს შესაბამისობის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციასთან. 2014 წელს მიღებულ იქნა გეგმა სამოქალაქო მომსახურების რეფორმირების შესახებ. შეიქმნა პროკურატურასთან არსებული სპეციალური ანტიკორუფციული დანაყოფი. ასევე მიღებულ იქნა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-16 წლებისთვის", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.