Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირისგან საბიუჯეტო დახმარების მიღებას სსფ-ის დაუსრულებელი მიმოხილვა აფერხებს

56f3a264e06a8
თელარა გელანტია
24.03.16 12:15
1350
ევროკავშირისგან 59 მილიონი ლარის საბიუჯეტო დახმარების მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაუსრულებელი მიმოხილვა აფერხებს.
 
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო წყაროებიდან ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შემოსულიყო 24 მლნ 500 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით კი, დაგეგმილი იყო 35 მლნ ლარის მობილიზება.

თუმცა 2016 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ იანვარ-თებერვალში ამ მუხლებიდან თანხა არ შემოსულა.

"ბიზნესკონტაქტი" დაინტერესდა, რას უკავშირდება აღნიშნული და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი კითხვით მიმართა.

ნოდარ ხადურის უწყების მიერ წერილობით მოწოდებული პასუხიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ამ დრომდე დაუსრულებელი მიმოხილვა აფერხებს.

"პირველ კვარტალში კრედიტების და გრანტების ფარგლებში მისაღები თანხა წარმოადგენს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებასთან. თავის მხრივ, მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება საქართველოს მხარესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც საბოლოო შეთანხმება უნდა მოხდეს, ეს არის საგადასახადო რეფორმა და საშუალოვადიან პერიოდში მისი გავლენა ფისკალურ პარამეტრებზე. ფონდის მისია საქართველოს ეწვევა მიმდინარე წლის მაისში და სწორედ ამ პერიოდში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ორი მიმოხილვა არის გასაფორმებელი, აქედან  პირველი მიმოხილვა გასული წლის გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო.