Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ბორჯომ-ლიკანის სამთავრობო რეზიდენციას აღარ ყიდის

56f500d8e1d08
ელენე გოგბერაშვილი
25.03.16 13:08
1092
2016 წლის საპრივატიზაციო გეგმა მცირედით დაკორექტირდა. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, მსხვილ საპრივატიზაციო ობიექტებიდან მთავრობა ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის პრივატიზებას წელს აღარ მოახდენს. სააგენტოში მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ობიექტის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გასულ თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ასევე საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის ელექტრონული აუქციონი. უწყებამ დისკრეციული უფლება გამოიყენა, რაც საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შეჩერებას გულისხმობს.
 
რაც შეეხება ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსავლებს-გასულ წელს პრივატიზაციიდან მთავრობამ 280 მილიონი ლარის მიღება დაგეგმა, ბიუჯეტში კი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 285 მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდა. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს ძირითადი 10 მსხვილი ობიექტების პროვატიზაცია უკვე განხორციელდა, წელს ამ მხრივ მთავრობა ბიუჯეტში მხოლოდ 225 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

"2016 წელს საერთო სახელმწიფოებრივი გეგმით პრივატიზებიდან გათვალისწინებულია 225 მილიონი ლარის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში. ხოლო ძირითადი აქტივებისა და მიწის პრივატიზებიდან 75 მილიონი ლარის მობილიზება არის გათვალისწინებული.სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი იქნება 2016 წელს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, გარდა ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში 6 მსხვილი ობიექტი შედის. სანატორიუმი წყალტუბო, კურორტი ახტალა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, ყოფილი სტალინის სანატორიუმი, ყოფილი რკინიგზის კოლეჯი და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი.

ნუსხას სანატორიუმი ცისკარი უკვე გამოაკლდა, რომელიც მიმდინარე თვეში 160 ათას ლარად ელექტრონულ აუქციონზე გასხვისდა. ბორჯომ-ლიკანის რეზიდენცია კი აღნიშნული ნუსხიდან გუშინ ამოიღეს, თუმცა რას უპირებს ამ ობიექტს მთავრობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.