11.Feb .2016 16:41

EIB-ი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

views 887
Back

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, 150 მილიონამდე ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, - ფინანსური ხელშეკრულებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. EIB-ის ფინანსური რესურსიდან, 100 მილიონი ევრო "საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის" დასაფინანსებლად იქნება მიმართული, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება.
 
49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს კი საქართველო "საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის - ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა ლაზლო ბარანიაის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.