Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიმირტი ქუმსიშვილი: ანაკლიის მოსახლეობა სამართლიან კომპენსაციას მიიღებს

56c03b3122b6d
BM.GE
14.02.16 12:27
1213
"ანაკლიის პორტის განვითარებისთვის მიწები დაგვჭირდება და რა თქმა უნდა მოსახლეობა სამართლიან კომპენსაციას მიიღებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“. მინისტრის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის პროცესი დასრულებულია.
 
"ინვესტორთან ერთად საკმაოდ კრეატიულ იდეებზე ვმუშაობთ, რომ აღნიშნულ მოსახლეობას საკმაოდ კარგი პირობები შევთავაზოთ ახალი საცხოვრებელი დაბის, თუ უბნის განვითარებისათვის. თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილი არ არის. მინდა ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ყველა სამართლიან კომპენსაციას მიიღებს", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პორტის მიმდებარე ტერიტორიას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად, ადგილზე ტურისტული მიმართულებაც უნდა განვითარდეს. მინისტრი ანაკლიაში ფინანსური ცენტრის განვითარებასაც არ გამორიცხავს.

"ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვამბობდით, რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია და ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ღრმაწყლოვანი პორტი. მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი არის ის შესაძლებლობა, რომელიც აბრეშუმის გზაზე კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ადგილს. შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან ადამიანები, მთლიანი შიდა პროდუქტში ნამდვილად გვექნება ზრდა, აუცილებლად განვითარდება მომიჯნავე ინდუსტრიები და შემოვა ახალი ტექნოლოგიები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.