27.Jan .2016 12:37

დავით საგანელიძე: ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რაჭა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია

views 920
Back

საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია, სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, რაჭა ბიზნესის დაწყების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია, რაც მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
 
"სამწუხაროდ, მაღალი რენტაბელობის ბიზნესის რაჭაში დაწყება საკმაოდ რთულია. რეგიონში სერიოზული ხარჯები არსებობს, ტერიტორიულ სიშორესთან, არც თუ ისე კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან და პროფესიონალი კადრების ნაკლებობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს როლი დიდია იმისთვის, რომ კერძო სექტორს გარკვეულად დაეხმაროს, შეღავათები დაუწესოს, გარკვეული ფუნქციები და ვალდებულებები აიღოს თავის თავზე.

ქვეყანას ამ რეგიონის განვითარება ნამდვილად უნდა. პირადად მე ოთხი წლის განმავლობაში ამ რეგიონში, ონის რაიონში დეპუტატი ვიყავი. სახელმწიფომ იქ სპეციალური ე.წ. PPP პროექტები უნდა გააკეთოს. რაჭა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი უნდა იყოს.

მიუხედავად ტურისტული შესაძლებლობებისა და ულამაზესი ბუნებისა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და სწორედ, აქ ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.