იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. საგრანტო პროექტის სახელწოდებაა "ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". მისი მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა. ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში - 4, იმერეთში - 9, სამეგრელოში - 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს.
2016 წელს სამინისტრომ საგრანტო თანხა გაზარდა. საგრანტო კონკურსში ის ყოფილი პატიმრები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“.
პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.