Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესმენები ხელისუფლებას კახეთში საერთაშორისო აეროპორტის გახსნას სთხოვენ

571f6bdaab9ca
BM.GE
26.04.16 17:20
1028
კახეთის განვითარების გენერალური გეგმა წლის ბოლოსთვის იქნება მზად. კახეთში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხზე ბიზნესმენებთან შეხვედრა გასულ კვირაში უკვე გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ისე ბიზნეს კომპანიები შევლენ და რეგიონის განვითარების კონცეფცია ერთობლივად დაიწერება. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ სტატისტიკის მიხედვით ტურისტების ნაკადი მზარდია და იძლევა პოზიტიურ დინამიკას, ამიტომ ახალი ენერგიაა საჭირო, რომ გაფართოვდეს ის მასშტაბები, რაც გვაქვს. ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილი დამატებითი ინვესტიციები ჩადონ რეგიონში. შიოლაშვილის თქმით, უნდა გაკეთდეს გენ.გეგმა და განისაზღვროს რას გააკეთებს სახელმწიფო და რას გააკეთებს ბიზნესი.
 
შიოლაშვილის მტკიცებითვე, ბიზნესის მხრიდან საუბარია დამატებით რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციაზე, ახალ სასტუმრო კომპლექსებზე, შატოებზე. თავის მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა. კახეთის გუბერნატორის განცხადებითვე, ბიზნესის მხრიდან დაისვა საკითხი საერთაშორისო აეროპორტი მოეწყოს, რომელიც გათვლილი იქნება ტურისტულ მარშრუტებზე და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტები პირდაპირ კახეთში ჩავლენ. მისივე თქმით, 2017 წლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დამატებით რესურსების მოძიებას კახეთის განვითარებისთვის და ბიზნესი აიღებს ვალდებულებს პროექტები გააკეთოს.

"კახური ტრადიციული მეღვინეობას" დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, "კომერსანტთან" აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან რამდენიმე ინიციატივა დაისვა. ჩხაიძის თქმით, ღვინის ტურიზმი და ინფრასტრუქტურის განვითარება ერთმანეთზე დამოკიდებულია. ჩხაიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე კახეთში აეროპორტის გაკეთების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც უნდა მიიღოს 50 ადამიანზე გათვლილი თვითმფრინავები ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ქვეყნებიდან. მისივე განმარტებით, კარგი იქნება თუ რკინიგზა დაბრუნდება კახეთში და ისევე როგორც ბაკურიანში 2-3 ვაგონიანი „კუკუშკა" იმოძრავებს. „კახური ტრადიციული მეღვინეობას" დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს ასევე მნიშვნელოვანია ბაზარზე ღვინის ხარისხის კონტროლი, განსაკუთრებით ჩამოსასხმელ ღვინოებთან მიმართებაში, საჭიროა მეტი კონტროლი და რეგულაცია, რომ დაბალხარისხიანი ღვინო არ მოხვდეს ქსელში.

"კომერსანტი"