Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიუჯეტი ევროკავშირის დაფინანსებას სსფ-ს დაუსრულებელი მიმოხილვის გამო ვერ იღებს

571624492af54
ანა ცხოვრებოვა
19.04.16 16:24
1104
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტს" დაუდასტურა, რომ ფინანსთა სამინისტრო ევროკავშირისგან საბიუჯეტო დახმარების სახით 59 მილიონი ლარის მიღებას ფონდის მიერ დაუსრულებელი მიმოხილვის გამო ვერ ახერხებს.
 
"ევროკავშირს აქვს მიკროფინანსების მხარდაჭერის პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში თანხების ათვისება მჭიდრო კავშირშია სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის დასრულებასთან,“ - განუცხადა აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტს".

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო წყაროებიდან მხარდამჭერი გრანტების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო 24,5 მილიონი ლარი, ხოლო კრედიტების სახით დაგეგმილი იყო 35 მილიონი ლარის მობილიზება. თუმცა 2016 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ იანვარ-თებერვალში აღნიშნული თანხა ბიუჯეტში არ შესულა, რის მიზეზადაც ფინანსთა სამინისტრომ სწორედ სავალუტო ფონდთან მიმოხილვის ვერ დასრულება დაასახელა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების (Stand-By Arrangement) ფარგლებში დასასრულებელია ორი მიმოხილვა რომელთაგან პირველი გასული წლის გაზაფხულზე, ხოლო მეორე შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. ორივე მიმოხილვის დასრულების მიზნით სავალუტო ფონდი ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე საკითხზე ცდილობს შეთანხმებას. აზიმ სადიკოვის განცხადებით, მათ შორისაა 2016 წლის ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის საშუალოვადიანი ფისკალური გეგმა. ასევე განხილვის თემებია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც უკეთ დაარეგულირებს ენერგო სექტორში გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებებიდან მომავალ რისკებს და სტრუქტურული რეფორმები.

"პრინციპში, მეორე და მესამე მიმართულებით გარკვეულ პროგრესს უკვე მივაღწიეთ. პირველი საკითხი, ბიუჯეტის დეფიციტსა და ფისკალური გეგმებთან დაკავშირებით, ჯერაც შეუთანხმებელია. დამატებითი დისკუსიები და მუშაობა გვჭირდება," - განუცხადა აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტს".

სავარაუდოდ, აღნიშნულ სამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. სავალუტო ფონდის მისიას თბილისში მაისის შუა რიცხვებში ელიან და ქართული მხარე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდება შეთანხმების მიღწევაც. თუმცა, ოფიციალურად, მისიის ძირითადი მიზანი იქნება კონსულტაციების გამართვა ე.წ. მეოთხე მუხლის ფარგლებში, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასებას გულისხმობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა შესაბამისი პროგნოზების გაკეთდეს, და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული რისკები და გამოწვევები განისაზღვროს.