Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არჩილ ბაკურაძე: სწორი რეგულირებით, ძალიან დაბალანსებულ მიკროსაფინანსო სექტორს მივიღებთ

572b64a58d843
BM.GE
05.05.16 19:17
1090
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციები ამ მოწვევის პარლამენტმა შესაძლოა ვერ მიიღოს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2016 წლის საქმიანობის გეგმის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის საჯარო განხილვა მარტში იგეგმებოდა. თემაზე "საქმიან დილასთან" მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ბაკურაძე საუბრობს.
 
- ბატონო არჩილ, თქვენთვის თუ არის ცნობილი რეალურად პროცესების განვითარებას რა შეიძლება აბრკოლებდეს?

- ჩემი აზრით, დაბრკოლება იმაში მდგომარეობს, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია და ნებისმიერ მთავრობას თუ პარლამენტს უჭირს ხოლმე კომპლექსური, დიდი საკითხის ერთბაშად გადაწყვეტა. ეს რეგულირება შესაძლოა ათობით ათას გარიგებას შეეხებოდეს, რომელიც ეკონომიკაში მუდმივად ხორციელდება. ფინანსური შუამავლობა თითქმის ყველა მოქალაქეს ეხება და ამიტომ აქ უხეში მიდგომა და რაღაცის შეცვლა შეიძლება უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს.

- როგორ ფიქრობთ, უფრო კომპეტენციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ ინიციატივის არქონასთან?

- ვფიქრობ, რომ კანონმდებელი ძალიან კარგად ხვდება, რომ ინიციატივა საჭიროა და ძალიან დიდი მონდომებაც ჩანს. ამ შემთხვევაში ტექნიკური ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ეს ყოველთვის პრობლემაა და ზოგადად არავინ არ იცის ამის დარეგულირება როგორ ჯობია. თუმცა მთავარია, რომ ამაზე საუბარი და მსჯელობა დაიწყო და ჩვენ გულწრფელ სურვილს ვხედავთ. ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ძალიან სწორად გაუსვა ხაზი თუ როგორ და რა პრინციპით უნდა მოხდეს მომხმარებლის უფლებათა დაცვა. ამიტომ ჩემი აზრით, აქ საჭიროა გაბედული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ცოტა გამონაკლისი ინდუსტრია ვართ, რომელიც თავად ითხოვს მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ჩვენ ამიტომაც მივმართეთ პარლამენტს და პირიქით მივესალმებით თუ რაღაც რეგლამენტირება მოხდება ურთიერთობებისა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მომხმარებელს შორის. კიდევ სხვა საკითხებიც დავაყენეთ, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მცირე ნაბიჯებით სიარულიც კარგი გამოსავალია.

- ძველი სტერეოტიპების და ძველი ნორმების ახლით ჩანაცვლება რამდენად გადაჭრადი პრობლემაა?

- თქვენ ალბათ დეპოზიტების და თანხების მოზიდვის საკითხს გულისხმობთ. ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეორე დიდი სფეროა, რომელიც ვფიქრობ, რომ ზედმეტად დარეგულირებულია, იმიტომ რომ ამ კუთხით მხოლოდ ბანკებს აქვთ იმის პრივილეგია, რომ თანხები საჯაროდ მოიზიდონ. ამ შემთხვევაში მომხმარებელი უფრო მეტ თავისუფლებასა და ნაირსახეობას ელის. თუ ადამიანს რაღაც გარკვეული დანაზოგი გააჩნია მას ბევრი სახვა საშუალება უნდა ჰქონდეს გარდა საბანკო დეპოზიტისა, რომ განათავსოს და აქედან სარგებელი მიიღოს. პოლიტიკოსების სიტყვებს დავესეხები და გეტყვით, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი კაზინოებში სიარულით უბედურდება და ღარიბდება, ასეთი მოუწესრიგებელი გარემოა, ამ შემთხვევაში არ დაშვება იმისა, რომ სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა სხვა, თანამედროვე ფორმებით ფინანსები მოიზიდონ არასწორი იქნება. ახლა საუბარია "კრაუდფანდინგზე", რომელიც ონლაინ პირდაპირ მომხმარებლებს შორის ურთიერთობების დამყარებას უწობს ხელს. ეს მოდელები მთელს მსოფლიოში ვითარდება და ამას საქართველოც არ უნდა ჩამორჩეს. სწორი რეგულირებაა საჭირო და მივიღებთ ძალიან დაბალანსებულ მიკროსაფინანსო სექტორს, სადაც დედოლარიზაციის პრობლემაც მოგვარდება და მომხმარებლების შემოსავლების გენერირების უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.