Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ადგილობრივი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში 10%-იან უპირატესობას ითხოვენ

570e3f760f447
BM.GE
13.04.16 16:43
1133
ქართული ბიზნესის ნაწილი ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. საკითხზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თუ ტენდერებში მათ შეღავათები დაუწესდებათ, ეს ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს. ბიზნესის ნაწილი კი უცხოური კომპანის შეზღუდვასაც ითხოვს. ბიზნესმა საკითხი პრემიერთანაც დასვა.

რას ითხოვს ქართული ბიზნესი და რამდენად აუცილებელია სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება, თემაზე  "ბიზნესკონტაქტის“ ეთერში  კომპანია "საქკაბელის" მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ ისაუბრა.

- ბატონო ედიშერ, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებამ საბაზრო პრინციპების დარღვევა გამოიწვიოს?

- მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ მე და მწარმოებლების გარკვეული ჯგუფი არ ვითხოვთ უცხოური კომპანიების შეზღუდვას. არავითარ შემთხვევაში. ეს რა თქმა უნდა დაარღვევს კონკურენციის პრინციპს, თუკი უცხოური კომპანიები შეიზღუდება. აქ საუბარი არის შეღავათებზე და არა ისეთ რამეზე, რაც არ არის სხვა ქვეყანაში.

მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს, ადგილობრივ კომპანიებს უცხოურთან შედარებით, სახელმწიფო ტენდერებში 15%-იანი შეღავათი აქვთ. ასეთი შეღავათები მოქმედებს ასევე ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, იაპონიაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით და დოზით. ამ მეთოდს სახელმწიფო იყენებს გარკვეულ ბერკეტად ამა თუ იმ დარგის განვითარებისათვის. ეს რა თქმა უნდა მუდმივმოქმედი არ არის და არის გარკვეული დროით.

- თქვენი აზრით, რა არის სიფრთხილის მოტივი, რის გამოც პრემიერი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან იკავებს თავს და ხომ არ შეიძლება ამაში გამოჩნდეს ელემენტები, რომელიც ინვესტორს დისკომფორტს შეუქმნის?

- პირიქით, ინვესტორს ეს მეტ კომფორტს შეუქმნის, ვინაიდან მას ექნება მყარი ჩამოყალიბებული ბაზა. მას სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული უპირატესობა ექნება სხვა ანალოგიურ იმპორტირებულ წარმოებასთან. ასეთი პროგრამები წარმოების წახალისების დღეს სახელმწიფოში უკვე მუშაობს, თუნდაც „აწარმოე საქართველოში“, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო კრედიტის დიდ ნაწილს უხდის მეწარმეს და ამან მისცა სტიმული მწარმოებლებს. ბევრმა იმპორტიორმა წარმოება დაიწყო.

- ტენდერები სენსიტიურობით ხასიათდება და საკმაოდ დიდი წილი არის უცხოური კომპანიების, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორებისაც კი. ეს ფაქტორი ხომ არ შეიძლება გახდეს სიფრთხილის და დისკომფორტის მიზეზი? ასევე, რა სახის შეღავათები წარმოგიდგენიათ ქართული კომპანიებისთვის?

- ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენთან და რამდენადაც ვიცი, ამაზე მომზადდა პლატფორმა, რომელიც შესყიდვების სააგენტოში უკვე დევს და შესაძლებელია მისი თუნდაც სატესტო ვერსიით გაშვება. საუბარი იყო თანაბარი ხარისხის პირობებში ადგილობრივ წარმოებაზე 10%-იანი უპირატესი ფასის მინიჭების შესახებ. ასეთმა მიდგომამ არ მგონია, რომელიმე ინვესტორი დააფრთხოს.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა წაახალისებს ინვესტორებს და გამოიწვევს სტაბილურობის შეგრძნებას ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში.

- ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მაგალითად ევროზონის ქვეყნები ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან პრივილეგიების დაწესებას ტენდერების მხრივ. თუ გეგულებათ მაგალითად რომელიმე ჩრდილოეთ ამერიკული ან დასავლეთ ევროპული ქვეყანა, სადაც აპრობირებულია და წარმატებით მოქმედებს ეს მოდელი?

- ევროპაშიც არის ასეთი მოდელები. ზუსტად ასეთი სახით შესაძლოა არ ქონდეთ, მაგრამ აქვთ გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივ სახელწიფო შესყიდვებში სხვა უცხოური სახელმწიფოს შემოყვანას. გარკვეულწილად ადგილობრივ სტანდარტებთან და სხვადასხვა რეგულაციებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ყველა ქვეყანას ბაზრის დაცვის ინდივიდუალური მექანიზმები აქვს. რაც შეეხება სახელმწიფო ფულს, ცდილობენ რომ დახარჯონ ისე რომ მაქსიმალურად შექმნან დოვლათი და ხელი შეუწყონ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას და ადგილობრივ წარმოებას.