Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2017 წლიდან, ტაქსის მძღოლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ

56ff617dd087a
დავით ჯალაღონია
02.04.16 10:04
1323
მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და რეგისტრაცია მოუწევთ. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მთავრობას აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის პირველადი დოკუმენტი შემუშავებული აქვს.

"აქტიურად ვმუშაობთ მერიის სამსახურები სფეროს სპეციალისტებთან ერთად, რომ ის დაურეგულირებლობა, რაც არსებობს, მოწესრიგდეს. ამ წუხილს გამოთქვამს როგორც თბილისის ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ჩამოსული სტუმრები, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს პირველადი დოკუმენტი. მთავარი ამოსავალი ამ დოკუმენტში არის უსაფრთხოება. გარდა ამისა, ამ დოკუმენტში ასახულია სტიმულირების მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება მივცეთ სტიმული იმ მეწარმეებს, რომლებიც დღეს არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყოს მინიმალური რეგულაციებით და რამდენიმე ეტაპად გაიწეროს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, ნებისმიერ მძღოლს, რომელიც მინიმალურ რეგულაციას გაივლის, ტაქსის სერვისით მგზავრების მომსახურება შეეძლება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ბევრისთვის ეს შემოსავალი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ ორმხრივი ინტერესები გავითვალისწინოთ. უახლოეს პერიოდში გვექნება დოკუმენტის წარდგენა შესაბამისი ვადებით და ინფორმაციით, რომელიც ტაქსის მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.