27.ივნისი.2018 20:00
უძრავი ქონება

საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება

საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება
მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი გადაუგზავნა.

დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი მიზნები, რასაც სამშენებლო სექტორმა და უკვე არსებული შენობა-ნაგებობების მფლობელებმა სახელმწიფოს დახმარებით უნდა მიაღწიონ. კანონის მიღების საფუძველი საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაა.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიების განვითარება, ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების შემცირება, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვა დადებითი გვერდითი ეფექტები ექნება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებას შეეხება, რაც სავალდებულო იქნება ახალი შენობებისთვის, არსებული შენობებისთვის, რომლებიც იყიდება, ან ქირავდება, ასევე საჯარო დაწესებულების იმ ნაგებობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 500 კვადრატულ მეტრს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2023 წლის 30 ივნისიდან - იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 250 კვადრატულ მეტრს აღემატება.

„შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შემდეგს:

ა) შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და შენობის ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა მისმა მესაკუთრეებმა და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება;

ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ოპტიმალური გაუმჯობესების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგოეფექტიანობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით ასეთი გაუმჯობესება რაციონალური არ არის“, - წერია კანონპროექტში.

შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების წესი მთავრობამ 2019 წლის 30 ივნისამდე უნდა განსაზღვროს. კანონპროექტის მიხედვით, სერტიფიცირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ის დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, კანონპროექტი გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებასაც ითვალისწინებს, რომლის წესსა და მოთხოვნებს, ასევე მთავრობის კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს. ინსპექტირებას კი დამოუკიდებელი ექსპერტი განახორციელებს. მათთვის ვინც სერტიფიცირების წესსა და ინსპექტირების მოთხოვნებს დაარღვევს, განსაზღვრულია ფინანსური სანქციები 500-დან 1500 ლარამდე.

ავტორი: დავით ჯალაღონია



10.დეკემბერი.2018 09:30
181

სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 09:30
181

სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში

ვრცლად
05.ივლისი.2018 14:31
181

ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი წელს თბილისსა და კახეთში დასრულდა

ვრცლად
05.ივლისი.2018 14:21
181

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს

ვრცლად
27.ივნისი.2018 19:30
181

2029 წლიდან ახალი შენობები თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს

ვრცლად
26.ივნისი.2018 11:33
181

მშენებლობის ღირებულების ინდექსს ახალი კომპონენტები დაემატება

ვრცლად