06.ივნისი.2018 11:32
ენერგეტიკა

ჰიდროსადგურების მშენებლობის პრობლემები - ჩიხი თუ შესაძლებლობა?

ჰიდროსადგურების მშენებლობის პრობლემები -  ჩიხი თუ შესაძლებლობა?
ანალიტიკურმა ცენტრმა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" საქართველოში ჰიდროსდგურების მშენებლობის პრობლემები და მთავარი გამოწვევები მიმოიხილა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა.

„ჰესების მშენებლობის 124-ზე მეტი გამოცხადებული პროექტის უმეტესობა შეფერხებული ან შეჩერებულია. ამავე დროს ელექტროენერგიის მოხმარება და გარე ქვეყნებზე იმპორტდამოკიდებულება განუხრელად იზრდება. 2018 წლის პროგნოზით მოხმარება 2017 წელთან შედარებით, 7%-ით, ხოლო გარე ქვეყნებიდან ნეტო იმპორტი 42%-ით ანუ 350 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება.

ჰესების მშენებლობის გარშემო მიმდინარე პროცესი ზოგჯერ პოლიტიკურ ელფერსაც იღებს და საშიშ ტენდენციებს წარმოშობს. საზოგადოების გახლეჩით იზრდება არა მხოლოდ ენერგეტიკული და ეკონომიკური, არამედ ეროვნული უსაფრთხოების რისკები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჰიდროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგობის საბაბით კუთხური განწყობების გაღვივება, რაც გარე ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხის ნიშნებს შეიცავს“, -ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში .

ჰესების მშენებლობის პრობლემები

სტრატეგიული ხედვების ნაკლებობა - საქართველოს დღემდე არა აქვს სარწმუნო და საფუძვლიანი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც ნათლად აჩვენებდა ჰესების როლს ენერგეტიკულ უზრუნველყოფაში და შემოიტანდა მათი განვითარების პრიორიტეტებს. „ჰესების მაქსიმალური განვითარების“ დეკლარატიული მოწოდება არადამაჯერებელია როგორც საზოგადოების, ასევე სპეციალისტებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება ეკონომიკურად ნაკლებმომგებიანი პროექტების (მაგალითად ნენსკრას ჰესის) განვითარება.

ხარისხის კონტროლის და მართვის მექანიზმების სისუსტე: ჰესების დაპროექტების და მშენებლობის დროს დაშვებულ-იქნა მრავალი შეცდომა და ტექნიკური ხარვეზი. მათ შორის: დაუმთავრებელი მტკვარის ჰესი, უხარისხოდ აშენებული და გაჩერებული შუახევის ჰესი, დამეწყრილი ბახვი 3 ჰესი, დევდორაკის მეწყერით დაზრალებული დარიალის და ლარსის ჰესები. არ ხდება ამ შეცდომების აღიარება, სათანადო ანალიზი და გაკვეთილების გამოტანა მომავალში გასათვალისწინებლად. ამის ნაცვლად, ერთი წარუმატებელი პროექტის შემდეგ იგივე დეველოპერები ხშირად სხვა პროექტებს ავითარებენ, რაც სამართლიან კითხვებს აჩენს3 საზოგადოებაში.

გარემოსდაცვითი პროცედურების და ანგარიშების ხარვეზები: გარემოზე ზემოქმედების შეფასება დროში ჩამორჩებოდა მთავარ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და მათზე ზეგავლენას ვერ ახდენდა ასევე კრიტიკის საგანი იყო თავად გზშ დოკუმენტების და მათი საფუძვლად გამოყენებული კვლევების ხარისხი, რამაც თავისი უარყოფითი როლი შეასრულა და ნეგატიური განწყობები გააჩინა. - გაუმჭვირვალე პროცედურები და მემორანდუმები: 124-ზე მეტი ჰესის მშენებლობის მემორანდუმი, რომელთა უდიდესი ნაწილიც ბოლო წლებში გაფორმდა, მნიშვნელოვნად განსხვავებულ და ზოგჯერ გასაიდუმლოებულ პირობებს შეიცავს4 , რაც მოხელეთა პირადი დაინტერესებით დადანაშაულების საფუძველს იძლევა. მოქალაქეთა ეჭვებს აძლიერებს ასევე კერძო ინდივიდუალური მიდგომები: მაგალითად, ხუდონჰესის დეველოპერისთვის 1500 ჰექტარი მიწის უსასყიდლოდ გადაცემა, სხვა სადგურებისთვის გადამცემი ხაზების უფასოდ მიყვანა და ა.შ., ამასგარდა, მემორანდუმები ეწინააღმდეგება ღია ბაზრის პრინციპებს, სახელმწიფოს აკისრებს ჭარბ ფინანსურ რისკებს და, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ უზრუნველყოფს სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვას. დეველოპერების დიდ ნაწილს აკლია გამოცდილება, ცოდნა და ფინანსური რესურსი იმისთვის რომ პროექტების გეგმის მიხედვით განავითაროს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირადი ურთიერთობები გადამწყვეტ როლს თამაშობს ამა თუ იმ პროექტის განვითარების უფლების მიღებაში.

 ადგილობრივი მოსახლეობა უჩივის მთავრობის და დეველოპერების მხრივ თანმიმდევრული და გულწრფელი კომუნიკაციის ნაკლებობას. წარუმატებელი კომუნიკაციის შემდეგ ნდობის აღდგენა რთულდება და ზოგჯერ საქმე სპეცრაზმების ჩარევამდე მიდის, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ძაბავს. ამას ასევე შესაძლოა ხელს უწყობდეს მოხელეთა პირადი დაინტერესების ეჭვები და არაინფორმირებული მოსახლეობისთვის რომელიმე მესამე მხარის მიერ არასრული ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება, ასევე სხვადასხვა პირადი დაინტერესების მქონე პირთა მონაწილეობა.

შედეგები

მდგომარეობა სულ უფრო ჩიხში შედის და წინააღმდეგობა არ ნელდება. ერთის მხრივ მზარდი ენერგოდეფიციტი და იმპორტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ასევე ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები და შესაძლო ფინანსური ზარალი მთავრობას, ჰიდროსადგურების მშენებლობის დაჩქარებას აიძულებს. მეორეს მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას კომპრომისულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებზე შეთანხმებას ურთულებს ინფორმაციის და ნდობის დეფიციტი, საჯაროდ გაცხადებული უკომპრომისო გადაწყვეტილებები და, სავარაუდოდ, ასევე მესამე მხარის შეგულიანება. არაკვალიფიციური პროცესის გამო შესაძლოა საფრთხე ექმნებოდეს არა მხოლოდ ჰიდროსადგურების არამედ უფრო ფართოდ, ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.





11.ივლისი.2018 20:38
181

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:40
181

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:20
181

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:00
181

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:29
181

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება

ვრცლად
03.ივლისი.2018 18:24
181

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

ვრცლად