მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" - დიღომში მომხდარ აფეთქებაზე: დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა

5c4180b332d0e
თელარა გელანტია
18.01.19 11:29
1896
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ბინაში, სადაც სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით.

„2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.

აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა.
ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა.

კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები.

აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500”-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.
შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აფეთქების გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია და მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.