მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის სათამაშოების ქართველ მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე გასვლა სურთ

5c4878026580e
ანნა ლაპიაშვილი
23.01.19 20:00
1049
ხის სათამაშოების მწარმოებელი "ჯეოთოიზ ჯგუფი” ევროპულ ბაზარზე გასასვლელად მზად არის. კომპანიის დამფუძნებლები პარტნიორების მოსაზიდად 29 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ნიურბერგში სათამაშოების გამოფენაზე მიემგზავრებიან, სადაც დაინტერესებულ მხარეებს საკუთარ პროდუქტს წარუდგენენ.

“აქტიურად ვმუშაობთ და სრული განახლებული სურათი ნიურბერგში დაგეგმილი გამოფენის შემდეგ გვექნება. დაგეგმილი გავქვს შეხვედრები კონკრეტულ კომპანიებთან, რომლებსაც ჩვენს წინადადებებს წარვუდგენთ. წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე მზად ვართ ორი სამი უცხოური კონტრაქტი თავისუფლად დავაკმაყოფილოთ”,- ამბობს BMG-სთან "ჯეოთოიზ ჯგუფის" დამფუძნებელი დავით კაციტაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკისგან სესხის აღება ვერ მოხერხდა $200 ათასიანი ინვესტიცია საწარმოს გაფართოვებაზე მაინც განხორციელდა და წარმადობა 10-ჯერ გაიზარდა.

“15 ადამიანი გვყავს დასაქმებული, თუმცა, ეს არ განსაზღვრავს ჩვენი წარმოების მასშტაბებს. ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ შემადგენლობით უფრო მეტი პროდუქტი შევქმნათ, ვიდრე აქამდე. თუ აქამდე თვეში 10 კუბის გადამუშავებას ვახერხებდით, მას შემდეგ, რაც ახალი დანადგარები შევიძინეთ თვეში 100-120 კუბის გადამუშავება შეგვიძლია”,-ამბობს დავით კაციტაძე.

"ჯეოთოიზ ჯგუფის" დამფუძნებლის თქმით, ნაწარმი, რომელსაც ისინი ბაზარზე წარადგენენ, სრულად ქართული ნედლეულით მზადდება. საწარმოში იაფიან ხის მასალას გადაამუშავებენ, რომელიც სამშენებლოდ არ გამოიყენება.

“გაზრდილია ჩვენი დამზადებული სათამაშოების ასორტიმენტიც. დღეისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს ქართული ბაზარი სრულად დავაკმაყოფილოთ. მოთხოვნაც თანდათან მზარდია. საცალო ქსელებიდან დაკვეთებმა მოიმატა, მიხვდნენ, რომ მათთვისაც უკეთესია იგივე ხარისხის ადგილობრივი წარმოების სათამაშოები იყიდონ, ვიდრე უფრო მეტი საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხადონ”- განმარტავს დავით კაციტაძე.