მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში

5b4efb0e5646e
BM.GE
18.07.18 12:31
1168
„ მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპიც კი იყო აღიარებული და გათვალისწინებული“, - ასე მიმართა ღია მმართველობის ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, გაამყაროს ეს მონაპოვარი და უზრუნველყოს „ხალხისთვის და ხალხთან ერთად" მმართველობა.

„წელს საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა.

ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა ჩვენთვის ქმნის უნიკალურ საშუალებას, ვისაუბროთ იმ პროგრესზე და ამავე დროს გამოწვევებზე, რაც გვაქვს საქართველოში. ნება მომეცით, მოკლედ ვისაუბრო, თუ რა გზა გავიარეთ აქამდე.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა. 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი, 2016 წელს საქართველოს მთავრობა პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა.

საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება, დიდწილად, ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის გავწიეთ.

დღეს საქართველოში ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში. ამჟამად, მთავრობასთან ერთად, ღია მმართველობის გეგმას საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია და უზენაესი სასამართლოც ახორციელებს. ღია მმართველობაში ასევე აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ღრმად გვწამს, რომ სწორედ ხელისუფლების ყველა შტოს ძალთა მობილიზება დაგვეხმარება რეალური შედეგების ეფექტიანად მიღწევაში.

ღია მმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ის, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ შევქმენით ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი. ეს არის მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ და შეიმუშაონ ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგი.

მინდა მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელი ქვეყანაა მსოფლიოში.
საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი - იუსტიციის სახლი, რომელიც „ერთი ფანჯრის პრინციპით" ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით, სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი. სერვისების უმეტესობა კი ხელმისაწვდომია ონლაინ-რეჟიმში.

2012 წლიდან მუდმივად უმჯობესდება საბიუჯეტო გამჭვირვალობა, რომელსაც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (International Budget Partnership - IBP) ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მეშვეობით აფასებს. როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვამაყობ, რომ 2017 წლის შეფასებით, საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. ამავე დროს, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით ჩვენ რეგიონში მეორე ადგილზე ვართ“, - განაცხადა ბახტაძემ.