მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე მთავრობას 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი

5baa546bee1af
თელარა გელანტია
26.09.18 09:00
1483
2018 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.5 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობამ დახარჯა თითქმის 7 მლრდ 950 მლნ ლარი; 2018 წლის ჯამური გადასახდელები/ხარჯები კი შეადგენს 12,459,500 000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ სამ თვესა და 5 დღეში მთავრობამ დაახლოებით, 4.5 მლრდ ლარი უნდა დახარჯოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხარჯების 2018 წლის ცხრა თვის გეგმა 8,990,958,397 ლარია, 24 სექტემბრის ჩათვლით, დახარჯულია 7,949,600,000 ლარი; შესაბამისად, სექტემბრის ბოლომდე დასახარჯია 1,041,358,397 ლარი.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ლარის კურსზე ბიუჯეტიდან დასახარჯმა 4.5 მლრდ ლარმა? - ამ კითხვით მიმართა bm.ge-მ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ლარის კურსთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა გიორგი კაკაურიძე არც ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გამორიცხავს.

„თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ დაახლოებით, 400 მლნ ლარი დეკემბერში დაიხარჯებოდა, ვგულისხმობ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის განხორციელებისთვის თანხების ათვისებას. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან გადახრებს არ ველოდებით. შესაძლებელია, გვქონდეს გარკვეული ცვლილებებიც ბიუჯეტში - ზოგიერთი პროგრამის ზრდის, ზოგიერთის - შემცირების მიმართულებით, მაგრამ ამას უკვე ვნახავთ, ნოემბრის ბოლოს, ათვისების ტენდენცია როგორი იქნება... ლარზე რომ ხარჯებს არ აქვს გავლენა, ამას ჩვენ კარგად ვხედავთ. გვაქვს პროფიციტული ბიუჯეტი, მაგრამ ლარის რყევები მაინც იყო უცხოური ვალუტების გაუფასურებიდან გამომდინარე. ლარს პირდაპირი კავშირი ბიუჯეტის შესრულებასთან ვერ ექნება“, - განმარტავს კაკაურიძე.

რაც შეეხება პარლამენტარების მოლოდინებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, „მთავრობა ჭკუას ვერ სწავლობს“, ამიტომ წლის ბოლოსკენ ბიუჯეტის გაზრდილ ხარჯებს, კურსზე გავლენა ექნება.

„მთავრობა და ეროვნული ბანკი უგულებელყოფს ბიუჯეტის გავლენას ფასებსა და ლარის სტაბილურობაზე და შემდეგ რაღაცეებს იგონებენ - ხან თურქეთს დააბრალებენ, ხან - ჟურნალისტებს, ხან კიდევ - სხვას. იმედია, რომ ახლა შემოდგომაზე ზიმბამბვეში ან კონკგოში არ გაუფასურდება ვალუტა, რომ არ თქვან, იმის გამოძახილია ლარის გაუფასურებაო. არ უნდა იყოს რყევები, თუკი მთავრობა შეზღუდავს ხარჯებს და გადაიტანს მომავალი წლისთვის“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც არ გამორიცხავს, რომ 4.5 მლრდ ლარის ხარჯვას მცირე რყევები მოჰყვეს.
„ასეთი თანხის მყისიერი შემოსვლა ბაზარზე, მცირე ზეგავლენას ახდენს ხოლმე; დაბალანსებული ტურისტული პერიოდით ან რაიმე ჭარბი ვალუტის შემოდინებით, შესაძლებელია, ეს რყევები ნაკლებად საგრძნობი იყოს, მაგრამ მცირე რყვები შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნა კაკულიამ.