მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

5bc9f7650e60b
ელენე გოგბერაშვილი
19.10.18 19:23
1778
ოზურგეთში, დაბა ლაითურში 2012 წელს გაშენებული მოცვის პლანტაციები დღეს განადგურების პირასაა. როგორც კომპანია „ვარნიკის“ ხარისხის მართვის მენეჯერი „გურიის მოამბესთან“ ინტერვიუში აცხადებს, ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა, რაც კომპანიის მფლობელს ფინანსურად გაუჭირდა და 2015 წელს დახმარება საპარტნიორო ფონდს სთხოვა, რომელიც კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა. კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ „ვარნიკში“ მდგომარეობა “საპარტნიორო ფონდის“ შესვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. „მიმდინარე წელს მოპარულია ტონობით მოსავალი, გათავისუფლებულია თანამშრომელთა დიდი ნაწილი და გავერანებულია პლანტაციები“-აცხადებს გულუა.

გულუას ბრალდებებს bm.ge-თან საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელმა და „ვარნიკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ცხოვრებაშვილმა უპასუხა.

„აღნიშნული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. „ვარნიკ აგროს“ ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ფარცვანიას პერიოდში წარმოქმნილი იქნა დიდი ოდენობით როგორც საბიუჯეტო, ისე სახელფასო დავალიანებები. ფონდი მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევიდა კომპანიის მენეჯმენტში და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის მოსავალი გადაურჩა განადგურებას. ჩვენს დროს სრულყოფილად იქნა დარიგებული ხელფასები, ასევე 200-მდე ადგილობრივი იქნა დასაქმებული, გავისტუმრეთ ასევე ჩვენამდე არსებული დავალიანებები ნაწილობრივ“-აცხადებს ალექსანდრე ცხოვრებაშვილი.

„ვარნიკის“ ხარისხის მართვის მენეჯერის თქმით კი, მათთვის სახელფასო დავალიანება არავის გაუსტუმრებია. ამასთან ის ამბობს, რომ კომპანიიდან გაქრა ნედლეული და საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია „ვარნიკის“ თანამშრომლებმა ადგილობრივ ბაზარზე აღმოაჩინეს. გულუას თქმით, მოსავლის ქურდობის ფაქტები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარნიკის მართვა „საპარტნიორო ფონდმა“ გადაიბარა.


„კომპანიაში არსებულ დაცვის თანამშრომლებთან და „ალგანთან“ ერთად მოხდა კომპანიის ტერიტორიაზე მიმოფანტული ყუთების გამოვლენა და ამის შესახებ ეცნობა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. აღძრულია საქმე და მიმდინარეობს ძიება. ყუთების დაკარგვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ჰქონდა თუ არა პროდუქციის დაკარგვის ფატქებს ადგილი ეს გამოძიების საკითხია“-აცხადებს ვარნიკ აგროს აღმასრულებელი დირექტორი.

მედეა გულუა ამბობს, რომ კომპანიიდან პროდუქციის გაქრობის ფაქტზე ოზურგეთის პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.

საპარტნიორო ფონდის დანიშნული მმართველი ადასტურებს ვარნიკის ხარისხის მმართველის განცხადებას პლატნაციების განადგურების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ეს მოცემულობა კომპანიის მფლობელის მიერ არასწორმა აგრონომიულმა გათვლებმა წარმოშო.

„შარშან აგროტექნიკური ღონისძიებების ჩაუტარებლობის შედეგად იქნა არასწორი აგრონომიული გათვლები. შესაბამისად იმ ოდენობებზე ვერ მოხდა გასვლა და რა ოდენობის პროდუქციის რეალიზაციაც მოხდა, ეყო მიმდინარე ხარჯებსა და ვალდებულებების გასტუმრებას. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის პროცესი და ეს მომავლის შედეგია. ვინაიდან იყო დიდი ოდენობით საბიუჯეტო დავალიანებები, შესაბამისად შემოსავლების სამსახური მიერ მოხდა ანგარიშების დაყადაღება და მიმდინარეობს პროცესები ვითარების განმუხტვის. ფინანსური რესურსის არარსებობის გამო მიხდა შეჩერება დროებით აგროტექნიკური სამუშაოების“-აცხადებს ცხოვრებაშვილი.

საპარტნიორო ფონდის წინააღმდეგ „ვარნიკის“ თითქმის 20-მდე თანამშრომელი სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს. სასამართლოში ჩივის საპარტნიორო ფონდიც, რომელმაც შესაბამის უწყებებს უკვე წარუდგინეს დოკუმენტაცია კომპანიის მფლობელის, ირაკლი ფარცვანიას მიერ საბიუჯეტო დავალიანების გამო ფონდისთვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ.