მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის მთვარე და მისი სასარგებლო წიაღისეული?

5c45c27136383
ეკა ბაშარული
21.01.19 16:58
1598
ზოგიერთი კომპანია მთვარეზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხს უკვე სერიოზულად განიხილავს.

არსებობს თუ არა რაიმე წესები და ვის ეკუთვნის სასარგებლო წიაღისეული მთვარეზე, - ამ თემაზე სტატიას BBC აქვეყნებს.

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა პირველმა დაადგა ფეხი მთვარეზე.

„ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ უაზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის“, - თქვა მაშინ ამერიკელმა ასტრონავტმა და ეს ფრაზა მას შემდეგ „მფრინავი“ გახდა.
ბოლოს, ადამიანი მთვარეზე 1972 წელს იყო, მაგრამ უახლოეს მომავალში სიტუაცია შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს.

უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა მთვარეზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების სურვილი და შესაძლებლობის ფარგლებში, ისეთი წიაღისეულის მოპოვებისაც, როგორებიცაა ოქრო და პლატინა.

იაპონური კომპანია iSpace, სატრანსპორტო პლატფორმა დედამიწა-მთვარის შექმნას გეგმავს, რათა მთვარის პოლუსების კრატერებში მყარ მდგომარეობაში არსებული წყლის ექსპერტიზა შეძლონ.

ციური სხეულების საკუთრების უფლების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ, ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენის პერიოდში, ანუ ცივი ომის დროს დაიწყო. სანამ NASA, პირველი ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაფრენის პროექტზე მუშაობდა, გაერო-მ კოსმოსზე შეთანხმება მოამზადა, რომელსაც 1967 წელს მოეწერა ხელი. ხელმომწერებს შორის აშშ, საბჭოთა კავშირი და დიდი ბრიტანეთიც იყვნენ.

შეთანხმებაში ნათქვამი იყო: „კოსმოსური სივრცე, მათ შორის მთვარე და სხვა ციური სხეულები, არ ექვემდებარება ეროვნულ მისაკუთრებას, არც სუვერენიტეტის გამოცხადების, არც ოკუპაციის გზით“.

1979 წელს კი გაერო-მ, მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ შეთანხმება მიიღო. ამ დოკუმენტში, მთვარის მშვიდობიანად გამოყენების პრინციპია აღიარებული და მითითებულია, რომ მთვარის სადგურების მშენებლობის შეთანხმება გაერო-თან უნდა მოხდეს. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ მთვარე კაცობრიობის საერთო მონაპოვარია და დოკუმენტზე ხელმომწერები მთვარის რესურსების გამოყენების პროცედურებზე უნდა შეთანხმდნენ.

ამ შეთანხმების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ 11-მა სახელმწიფომ გაუკეთა რატიფიკაცია, მათ შორის საფრანგეთმა და ინდოეთმა. აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა კი, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

2015 წელს აშშ-ში, კომერციული კოსმოსური ფრენების სფეროში კონკურენციის შესახებ კანონი მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის მოქალაქეებს ასტეროიდებიდან წიაღისეულის მოპოვების უფლება გააჩნიათ. ეს კანონი მთვარეზე არ ვრცელდება, თუმცა მოქმედების მექანიზმი პრინციპში შესაძლოა, გაფართოვდეს.

2017 წელს კი, ანალოგიური კანონი ლუქსემბურგშიც მიიღეს. მასში, კოსმოსში აღმოჩენილ რესურსებზე საკუთრების უფლებაზეა საუბარი.