მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დგას კომპანია QNET უკან?

5b27c328cd409
თამუნა დემეტრაშვილი
18.06.18 19:20
3293
კომპანია QNET სქემაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის კახა ბაინდურაშვილი ოჯახი, პარლამენტარ ეკა ბესელიას ოჯახმა - ძმამ და სიძემ ჩაანაცვლა.

QNET წარმომადგენლად საქართველოში დღეს კომპანია "დრიმლაინი" ფიქსირდება, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სერგო ბესელია, დირექტორი კი იასე ზაუტაშვილია. ბაინდურაშვილისა და მისი მეუღლის ნინო ქოჩიაშვილის "ჯორჯიან ოლივ გარდენსმა" კი, რომელიც 2016-17 წლებში წარმოადგენდა "ქიუნეტს“, აზერბაიჯანში გადაინაცვლა.

რატომ ჩანაცვლდა ბაინდურაშვილების ოჯახი, ბესელიების ოჯახით? კომპანიის ხელმძღვანელმა ამის გასარკვევად ფილიპინებში, QNET-ის სათაო ოფისში გადაგვამისამართა.
""ქიუნეტმა" კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც "დრიმლაინმა" გაიმარჯვა, მათ მარკეტინგულ და იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ, რატომ მოხდა ჩანაცვლება ეს კითხვა სათაო ოფისს დაუსვით“-განაცხადა ზაუტაშვილმა.

რას წარმოადგენს QNET?

QNET მათი დამფუძნებლების მტკიცებით, ქსელური მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც პროდუქციას შუამავლების გარეშე ყიდის. ის 1998 წელს მალაიზიაშია დაფუძნებული. გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალში საათები, საგზურები, წყლის ფილტრები და აურის გამწმენდი დისკებიც კი შედის. ეს ნივთები მყიდველს შესაძლოა საერთოდაც არ სჭირდებოდეს, რეალურად ფულს მყიდველი ქსელის წევრობისთვის იხდის, რაც არც ისე პატარა თანხა- 1800 დოლარია. ქსელში გაწევრიანებულმა QNET-ს ორი ახალი წევრი უნდა შემატოს, იმ ორმა კიდევ ორ-ორი და ასე უსასრულოდ. სქემის ორივე მხარე თანაბრად უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთ მდგომი ფულს ვერ გამოიმუშავებს. "დრიმლაინის“ დირექტორი ამბობს, რომ ისინი, მხოლოდ იურიდიული კონსულტაციებით იფარგლებიან, პროდუქციის რეალიზაციის პროცედურებზე და კლიენტებთან ურთიერთობის საკითხებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

"გაწევრიანების პროცედურებზე პასუხსიმგებელია სათაო კომპანია და ის ფიზიკური პირები, ვინც ახდენენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში ნებისმიერი სხვა პირების გაწევრიენებას", -აცხადებს ზაუტაშვილი. შესაბამისად თუკი ვინმე თავს დაზარალებულად ჩათვლის, სამართალი ან მალაიზიაში უნდა ეძებოს, ან პასუხი იმ ახლობელს მოსთხოვოს, ვისი მიწვევითაც "ბიზნესში“ ჩაერთვება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქსელური მარკეტინგის საფარქვეშ, რეალურად პირამიდა იქმნება, რომლის ქვედა საფეხურებზე მდგომები აუცილებლად დაზარალდებიან.
"ესაა ქსელური მარკეტინგის ნიღაბის ქვეშ შექმნილი პირამიდა, რომელიც მანამდე იარსებებს, სანამ გაწავრეანების მსურველი იქნება. როცა მსურველები აღარ იარსებებენ, სქემა მთლიანად იშლება" -აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.

მალაიზია, სინგაპური, ფილიპინები, რუანდა, ინდოეთი, ნიგერია ტანზანია, - ეს იმ ქვეყნების ნაწილის ჩამონათვალია, სადაც ქუნეტის ოფისები ფუნქციონირებს, არცერთი ევროპული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა ამ ჩამონათვალში არ არის.