მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ველოდებით საქართველოს მთავრობის პასუხს" - ოფიციალური ირანის მორიგი განცხადება

5c1219389f4d3
ელენე კვანჭილაშვილი
13.12.18 12:31
1476
„ირანის მოქალაქეებს იცავს ირანის სახელმწიფო და ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოსთან, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, - ასე ეხმაურება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბარამ ქასემი ბოლო დროს შექმნილ პრობლემას, რომელიც ირანის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ურთულებს.

ისლამური რესპულიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA-ს მიხედვით ირკვევა, რომ ირანს საქართველოს მთავრობისგან პასუხი ამ თემაზე დღემდე არ მიუღია.

„ველოდებით საქართველოს მთავრობის პასუხს“ ,- ამბობს ბარამ ქასემი და აქვე აკრიტიკებს საქართველოს მესაზღვრეებს, რომლებიც „ირანის მოქალაქეებს, ნებისმიერი მიზეზით, არასათანადოდ ეპყრობიან“.

ბარამ ქასემის განცხადებით, ირანის მოქალაქეების ირგვლივ განვითარებული სიტუაცია მით უფრო გასაკვირია, რომ „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ; კვლევები კი, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ საქართველოსთვის გაცილებით ნაკლები პრობლემა შექმნეს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს მხრიდან ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის გახშირებულ ფაქტებს და ამ ფაქტებზე ოფიციალური ირანის გამოხმაურებებს, ამ ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად აშუქებენ. გუშინ Iran Daily-ისა და Tansim News Agency-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არასაჭირო მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის 11 თვეში კი - 2,345.
აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429, ხოლო ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.