მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა

5be2a7aab500f
სალომე მეცხვარიშვილი
07.11.18 12:50
982
ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა. თბილისის მერიის მიერ კიდევ ერთხელ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ლოკაციებზე, ასევე გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს კომპანიების ინტერესი, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა მერიამ უკეთესი პირობებით შესთავაზოს პროექტი კომპანიებს.

რაც შეეხება ფილარმონიის ტერიტორიაზე მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას, ხმალაძის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო.

„ფილარმონიასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულდა, ერთმა კომპანიამ გააკეთა შეთავაზება და მასთან ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება, რადგან მოლაპარაკება დასრულდა და შეთანხმებას მივაღწიეთ.

2 სხვა დანარჩენ ლოკაციაზე, რომელიც იყო ვაგზლის მოედანი, ვარკეთილი, ინტერესთა გამოხატვაში წინადადებები არ შემოსულა, შესაბამისად, ახლა კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკებები, როგორ შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის ძალიან რთული პროექტები. ასევე არის გეგეშიძის ლოკაცია, რომელზეც არის ინტერესი. ამ პერიოდში მოლაპარაკებები გვაქვს კომპანიებთან, რომ განახლებული პირობებით მოხდეს შეთავაზება“,- აცხადებს ხმალაძე.

შეგახსენებთ, ზაფხულში მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია. მერიამ მაშინ განაცხადა, რომ ახალ ინტერესთა გამოხატვას განსხვავებული პირობებით გამოაცხადებდა, რათა პროექტი უფრო მიმზიდველი ყოფილიყო კერძო სექტორისთვის.