მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შეირჩეს 10-20 კომპანია, ვისი შემოყვანაც კარგი იქნება, რომ მათ ესაუბროს მთავრობა"

5c4840b0aac92
ელენე გოგბერაშვილი
23.01.19 16:54
1032
„ბიზნესისთვის მხოლოდ საგადასახადო შეღავათები არ არის საკმარისი“, - ასე აფასებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი, მთავრობის მიერ ტრანსნაციონალური კომპანიების მოსაზიდად დაანონსებულ საგადასახადო შეღავეთების ინიციატივას.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის საგადასახადო პრეფერენციები ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობაში პირველად ხდება, შესაბამისად უნიკალურია, თუმცა ეს იმ კომპანიებზე არ არის გათვლილი, ვინც ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს შემოიტანს.

ლალაზაშვილი მთავრობას ურჩევს საგადასახადო შეღავათები წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ტრანსნაციონალურ კომპანიას თავად შესთავაზონ, რომლებიც შემდგომში საქართველოში შემოვლენ და ჩვენი ქვეყნიდან საერთაშორისო ოპერაციებს განახორციელებენ.

„მე ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესისთვის მხოლოდ საგადასახადო შეღავათები არ არის ხოლმე საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად - გადაიტანოს ამა თუ იმ ქვეყანაში თავისი ოფისი ან საქმიანობა წამოიწყოს. აქტიურად იქნება სამუშაო ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს კომპანიები მოიზიდონ, იმიტომ რომ თვითონ გაიგებენ და ჩამოვლენ, ნაკლებად სავარაუდოა.

ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპში ისეთ კომპანიებზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ფინანსური მომსახურება, ყიდვა-გაყიდვა, მაგალითად, ვაჭრობენ სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ან არიან ბროკერები, აქტივების მმართველი კომპანიები და ა.შ. ალბათ ასეთი ტიპის კომპანიებისთვის უფრო უპრიანია ვინაიდან, ეს ცვლილებები ორიენტირებული ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ექნება სათაო ოფისი საქართველოში ან რაღაც ტიპის ოფისი, საიდანაც საერთაშორისო ოპერაციების მართვა მოხდება.

ლოკაცია სჭირდება ადამიანს, რომ ჩამოვიდეს, იცხოვროს, ესეც მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქნება ჩვენთან მათთვის და ა.შ.
ეს ინიციატივა მათზე არ არის გათვლილი, ვინც შემოიტანს ინვესტიციას. უფრო გათვლილია ისეთი ტიპის კომპანიებზე, რომლებიც ცოდნას შემოიტანს საქართველოში. მათი აქ ყოფნით საქართველო გამოჩნდება როგორც მიმზიდველი ქვეყანა და უფრო საინტერესო იქნება სხვა ინვესტორებისთვის. მაგალითად, როცა რომელიმე საერთაშორისო ბრენდი შემოდის საქართველოში, ის ყოველთვის იზიდავს სხვა კომპანიებს. უფრო ამაზეა გათვლილი. თავად ის კომპანიები, რომელზეც შეღავათი ვრცელდება, ინვესტირებას და აქტივების შექმნას საქართველოში არ გააკეთებენ.

მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება ალბათ პირდაპირ მუშაობა. უნდა შეირჩეს 10-20 კომპანია, ვისი შემოყვანაც და წარმოდგენაც საქართველოში კარგი იქნება, რომ მათ ესაუბრონ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას, შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და გათავისუფლდეს:

• დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას;
• დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან;
• ქონების (გარდა, მიწისა) გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც მხოლოდ საქართველოს რეზიდენტია, არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით საერთაშორისო კომპანიიდან დაქირავებით საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით დაიბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება.

საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, დაადგინოს ისეთი ხარჯების ჩამონათვალი, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიას ექნება უფლება, გადასახდელი მოგების გადასახადი შეამციროს ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით.