მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებზე მიწის მიყიდვის მარეგულირებელი კანონპროექტი შეზღუდვებს უცხოურ ბანკებსა და მისოებსაც უწესებს

592d4844d5e4e
სალომე მეცხვარიშვილი
30.05.17 14:18
1639
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონპროექტი შეზღუდვებს უცხოურ ბანკებსა და მისოებსაც უწესებს. კანონპროექტის ავტორები საპარლამეტო უმრავლესობის წევრები არიან.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოური კაპიტალით შექმნილ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს იპოთეკით დატვირთული მიწის დასაკუთრება მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუძლიათ, შემდეგ კი ვალდებული იქნებიან, მიწა გაყიდონ.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირები, მიწის წილის ან იპოთეკის სახით მიღების უფლება უნარჩუნდებათ იმ დათქმით, რომ ამ ქონების დასაკუთრების შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან დასაკუთრებიდან ერთი წლის განმავლობაში გაასხვისონ გირაოში დარჩენილი ქონება უფლებამოსილ პირზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მათ წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს, რათა სახელმწიფომ სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა.

კანონპროექტის თანახმად, ასევე დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქციების/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული პირის აქციათა/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი.