მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შეფასება

59ec4ed1d43b1
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
22.10.17 12:00
940
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, თბილისში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა.

დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩეველების აღრიცხვას უკავშირდებოდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლი

ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდებოდა, რაც გამოიხატებოდა პარტიების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან მისული ამომრჩევლების პირადი მონაცემების შეგროვებასა და აღრიცხვაში. ასეთი ქმედებები თბილისის თითქმის ყველა იმ უბანზე დაფიქსირდა, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. თუ წინა არჩევნების დროს ამომრჩეველთა აღრიცხვა მხოლოდ უბნის გარეთ წარმოებდა, ამ არჩევნებზე პროცესმა უკვე საარჩევნო უბნის შიგნით გადაინაცვლა. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, არასწორია. „საარჩევნო კოდექსით” (31-ე მუხლის მე-11 ნაწილი) განსაზღვრულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ნაწილი, ე.წ. კედლის სია, რომელშიც არ არის მითითებული ამომრჩევლის პირადი ნომერი და ფოტოსურათი. ეს ორი მონაცემი ასახულია სამაგიდო სიაში, რომელიც „პერსონალურ მომაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით სრულად გასაჯაროებისაგან დაცულია.

მართალია, „საარჩევნო კოდექსის” 41-ე მუხლით გარანტირებულია საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, მაგრამ მოცემული დაკვირვების პროცესში არ უნდა დამუშავდეს/ამოიწეროს ხმის მისაცემად მოსული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იმდაგვარად, რაც კონკრეტულ სუბიექტს მისცემს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას. ამასთანავე, შესაძლებელია, ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის. კენჭისყრის დროს პარტიების წარმომადგენლები იდგნენ ან ისხდნენ რეგისრატორთან იმდენად ახლოს, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან თავისუფლად ამოეწერათ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები/პირადი ნომრები. რაც შეიძლება აღქმულ იქნას კომისიის საქმიანობაში ჩარევად. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით დაუშვებელია პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის გარეშე. ამორჩევლების საარჩევნო უბანზე გამოცხადების აღრიცხვა ვერ ჩაითვლება ასეთ ლეგიტიმურ მიზნად.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია

წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული კითხვები კვლავ რჩება და ამ მხრივ წლების განმავლობაში დადებითი ძვრები არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, კომისიის წევრების წრთვნის ტრადიციული მეთოდები არ არის საკმარისად ეფექტური.

ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისია ისეთ მარტივ საკითხებს ვერ აგვარებდა, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე შეფერხების გარეშე შეშვება, საკონტროლო ფურცლის შევსება, კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარება და სხვა.

საჩივრების რეგისტრაციის პრობლემები

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის პრობლემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და მდივნებმა ჩვენს დამკვირვებლებს საჩივრების რეგისტრაციის დროს შეუქმნეს. მდივნები ვალდებულები იყვნენ ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში დაერეგისტრირებინათ საჩივარი, თუმცა ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე ზოგჯერ უარს აცხადებდნენ. ასეთი პრობლემა 15 უბანზე შეგვექმნა. ორ უბანზე სამაგიდო სიების კონტროლთან დაკავშირებული საჩივარი, თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარეგისტრირეს, თუმცა განუხილველად დატოვეს, რაც ასევე კანონშეუსაბამოა.

ხელშეშლა/მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე

მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ. დღის განმავლობაში და ხმების დათვლის დროს ფიქსირდებოდა ჩვენ დამკვირვებლებზე ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა კომისიის წევრების მხრიდან. ჩუღურეთში ჩვენი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი კომისიის თავჯდომარემ საარჩევნო უბნიდან უსაფუძვლოდ გამოაძევა.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა

ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. „ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.



რეკომენდაციები:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან მოსული ამომრჩევლის კანონთან შეუსაბამო მეთოდებით აღრიცხვის საკითხზე. დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვისას მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და ზეწოლის საფრთხე შეიქმნას;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემო და არ დაუშვას მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან;

პოლიციამ გამოძიება უნდა დაიწყოს „ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კვალიფიკაციით;

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა შეისწავლოს ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის მასობრივად შეგროვების ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.