26.აპრილი.2016 22:04
საზოგადოება

თუში ბიჭის რეალიზებული ოცნება, რომელსაც წლების განმავლობაში "თან დაატარებდა"

თუში ბიჭის რეალიზებული ოცნება, რომელსაც წლების განმავლობაში "თან დაატარებდა"
"ეს არის ქართული, განსხვავებული, არავის აქვს მსოფლიოში. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, ჩვენი ნაწილი" – 26 წლის თუშმა მეღვინემ ირგვლივ ყველას დაუმტკიცა რომ მთავარია მოინდომო და ისწავლი როგორ დააყენო ქვევრში ღვინო. ორი მეგობრის წამოყებას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, ეს იმიტომ რომ თუშებს ღვინოსთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვთ. შოთა ლაგაზიძე გამონაკლისი აღმოჩნდა.
 
რადგან ვერსად მიაგნეს ღვინოს, რომელიც განსაკუთრებულად მოეწონებოდათ, 2014 წელს სოფელ ზემო ალვანთან ახლოს, ტურიზმის მენეჯმენტის ორმა სპეციალისტმა ძველი ვენახი შეიძინა. მეგობრებმა ნატურალური მეღვინეობის მიმართულება აირჩიეს და ვაზის მოვლაც თავად დაიწყეს.

"ყოველთვის მინდოდა მარანი მქონოდა, ქვევრი მაინტერესებდა. ეს იყო იდეა, რომელსაც სულ თან ვატარებდი", - ახალგაზრდა მეღვინის იდეა უკვე რეალიზებულია. სურვილი, ჰქონოდათ ნატურალური ღვინის მეურნეობა იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ზაფხული გიდად იმუშავეს, დანაზოგი გააკეთეს, შემდეგ იმერეთში წავიდნენ და ოთხი ქვევრი შეიძინეს. ქვევრის ღვინის ისტორიულ საქმეში შოთა ლაგაზიძის პარტნიორი, მისივე კოლეგა დავით ფახურიძეა.

ჩანაფიქრს პირველ ეტაპზე კომერციული ხასიათი არ ჰქონია, მარანიც და ნატურალური ღვინოც ბიჭებს მეგობრებისთვის და ოჯახისთვის უნდოდათ, თუმცა პირველი მოსავლის მიღებისთანავე გაჩნდა ღვინო „ლაგაზი“, თუშური სახელით და შესაბამისი სტილის ეტიკეტით. შოთას და დათოს ანგარიშზე ახლა 1 200 ლიტრი ქვევრის ღვინოა.

"პირველი მოსავალი 2015 წელს ავიღეთ, ყურძენი მეგობრების დახმარებით დავკრიფეთ", – "ლაგაზის" რქაწითელი ფართო საზოგადოების წინაშე 14 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალზე" წარსდგება. ყველა ვინც თუში მეღვინის პროდუქციას დააგემოვნებს, ქვევრის ღვინის უპირატესობასაც ამოიცნობს.

შოთა ამბობს, რომ 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას აგრძელებს. რადგან ქვევრის ღვინომ ამდენ დროს გაუძლო, მისთვის ნიშნავს, რომ ეს წარმოების საუკეთესო მოდელია. სხვა ინდუსტრიული წარმოებისგან განსხვავებით, ქვევრში ღვინის დაყენება ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ქვევრის გარეცხვით დაწყებული, ღვინის ამოღებით დასრულებული. ამ მეურნეობის სპეფიციკა ბიჭებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აითვისეს - გიდებმა ღვინის დაყენება მეღვინეებთან და მექვევრეებთან სტუმრობისას ისწავლეს, იწერდნენ სპეციალისტების ტელეფონის ნომრებს, შემდეგ ურეკავდნენ და უკვე საკუთარი მეურნეობის აწყობისას, ყოველ ნაბიჯს გამოცდილ ადამიანებს უთანხმებდნენ.

"ვენახსაც ვწამლით მხოლოდ კონტაქტური საწამლავი საშუალებებით, ეს არის შაბიამანი და კირი. ვაყენებთ მხოლოდ ყურძნის წვენს, არანაირი მინარევები და არც შემდეგ გაფილტვრა", – სწორედ ასეთია ნატურალური ღვინო "ლაგაზი“. მოგზაურობის მოყვარული ახალგაზრდა მეღვინეები ხარისხზე ორიენტირებულები არიან. „ვცდილობთ ღვინო მაქსიმალურად ისე დავაყენოთ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ“ - გვიყვება შოთა, რომლის უახლოესი გეგმა, ქვევრში "კახური მწვანის“ დაყენებაა. ამას გარდა, ბიჭებს გადაშენების პირას მყოფი "კახური მცვივანის" ჯიშიც აინტერესებთ და 200 ნერგს წელსვე ჩაყრიან.

რამდენიმე ბარი თბილისში უკვე ელოდება ღვინო "ლაგაზსს". შოთა ამბობს, რომ მათი ქვევრის ღვინო ნატურალური პროდუქტების რესტორნებში გაიყიდება, სოფელ ზემო ალვანში კი ბიჭები საკუთარ მარანში, მსუბუქ ლანჩზე ზაფხულში პირველ სტუმრებს უმასპიძლებენ.

ეს ყველაფერი არ არის, მეგობრების გეგმები შორსმიმავალია - მიზანი სოფელში სრულყოფილი აგროტურისტული ობიექტის შექმნაა. ამიტომ ღვინოს მალე ჩირის წარმოებას მიუმატებენ. ბაზარი უკვე შესწავლილი აქვთ, იციან რომ საქართველოში ჩირის კულტურა სუსტია და სამაგიეროდ, დიდია მოთხოვნა გამშრალ სოკოსა და ბოსტნეულზე. შემდეგი ეტაპი სახლის პირობებში ყველის ამოყვანაა. "როდესაც ჩვენთან მოვა სტუმარი, ერთდროულად ბევრი პროდუქციის წარმოების ნახვის საშუალება ექნება", - ამბობს შოთა ლაგაზიძე, რომელიც მთავარ მიზანამდე მისასვლელად, გზას გიდის პროფესიაზე გადის. ტურიზმის მენეჯმენტი ილიაუნიში შეისწავლა და ახალ ღვინისა და კულირანიის მიმართულებით საქმიანობს. უყვარს მთა, ამიტომ ხშირად ნახავთ თუშეთსა და ხევსურეთში, სამთო გამყოლად ან გიდად.

ამას გარდა მეგობრებს აგროტურისტული მეურნეობის ასოციაციაც აქვთ, ახალგაზრდა მეწარმეები თანატოლ ფერმებს ტურისტებთან და ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებაში ეხმარებიან, ამას ყველაფერს საკუთარი ფინანსური სახსრებით ცდილობენ, გარე დაფინანსების გარეშე. მაგალითად, სულ ახლახანს რაჭაში ოთხ მეღვინეს ხვანჭკარას ჩამოსხმაში დაეხმარნენ, პროდუქცია თბილისში თავად წამოიღეს, იმისთვის რომ რაჭველი მეღვინეების პროდუქციამ ღვინის გამოფენაში მონაწილეობა მიიღოს.

თუში ბიჭის მთავარი ოცნება ისევ სოფელ ზემო ალვანთან მიდის - "მინდა სოფელში ისე დავბრუნდე, რომ იქ ვიცხოვრო და შემოსავალიც მქონდეს". შემდეგი აგროტურისტული ობიექტი იმერეთში, სოფელ ვარციხეში მოეწყობა, ეს იმ შემთხვევაში თუ თუშეთში დაწყებული საქმე წარმატებული გამოდგა. წარმატება კი აუცილებლად იქნება, როცა შენი საქმე ასე ძალიან გიყვარს.
ავტორი: სოფო ბერიძე



20.ოქტომბერი.2018 14:15
505

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
716

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
342

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
3201

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
80

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:00
2008

GWP: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას

ვრცლად