მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტროლების ფაბრიკა ქართულად - MDF-ის კვლევა TBC-ის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაზე

5c73e40920365
BM.GE
25.02.19 22:20
5573
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) შეისწავლა TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით ცალკული facebook გვერდებისა და ჯგუფების აქტივობა, რომლებიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოსტებს ავრცელდბდნენ. როგორც MDF-ის კვლევიდან ირკვევა, აღნიშნული გვერდები, მათთან დაკავშირებული ყალბი პროფილები და facebook ჯგუფები ტროლების ფაბრიკას წარმოადგენდნენ.

მონიტორინგი “მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) სოციალურ ქსელებში თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით განახორციელა.

თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად Facebook-ზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა  ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა და სამ ტალღად წარიმართა:

1. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობდა. 
2. მეორე ტალღა უკავშირდება 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს
თანამდებობა დაეტოვებინათ.
3. მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

დაკვირვების საგანი იყო ის ფეისბუკ გვერდები, რომლებიც 9 იანვრიდან 21 თებერვლის პერიოდში მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებდნენ.

პირველადი დაკვირვების შედეგად შევადგინეთ მთავარი საძიებო სიტყვების (keywords) სია, რომელთა  გამოყენებითაც მადისკრედიტირებელ პოსტებს ფეისბუკის საძიებო სისტემის გამოყენებით ვეძებდით. ძიების შედეგად გამოვლენილი გვერდებისა და მათი ადმინისტრატორების პროფილები სხვადასხვა ღია რესურსების გამოყენებით გაანალიზდა.

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:

➔ მონიტორინგის ფარგლებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი.
➔ 9-დან 6 გვერდის ძირითადი კონტენტი ენმ-ის და რუსთავი 2-ის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ არის მიმართული;
➔ 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატოტი ფეისბუკ მომხმარებელი “ავთანდილ კერესელიძეა”, რომელიც ტროლია და ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის ფეისბუკში ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;
➔ “ავთანდილ კერესელიძე” და მის მიერ მართული გვერდები სხვა ყალბ ანგარიშებთან ერთად ამავდროულად იდენტურ ჯგუფებს მართავენ, რაც მადისკრედიტირებელი
პოსტების გავრცელებისთვის გამოიყენება;
➔ “ავთანდილ კერესელიძე” პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს:
➔ “კერესელიძის” მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;
➔ 9-დან ორი გვერდი - “ორი გვამი უნდათ” და “სტოკჰოლმის სინდრომი” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ დასპონსორებულ პოსტებს აქვეყნებდნენ.
➔ 9-დან 2 გვერდს - “სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა” და”სტოკჰოლმის სინდრომი” - ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები დასპონსორებული ჰქონდათ, თუმცა ამჟამად ეს პოსტები ხელმიუწვდომელია, რადგან წაშლილია. ორივე გვერდს ჯამში 3 აქტიური დასპონსორებული პოსტი აქვს. სამივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. ორივე გვერდმა 21 თებერვალს ხაზარაძის გადადგომის შემდეგ მის წინააღმდეგ ორი ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
➔ გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა.