მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ცნო, ქვეყანა რევოლუციის ზღვარზეა

5c48da73d713b
BM.GE
24.01.19 01:14
1175
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო. დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, - “ვენესეულას მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მმართველობის გამო. დღეს მე ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ვაღიარებ ხუან გადოს, რომელმაც ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულოს პრეზიდენტის უფლება-მოსილება. მივმართავ ვენესუელას მოსახლეობასა და ხუან გადოს, ამერიკა თქვენს გვერდით დგას და თქვენს გვერდით იდგება, სანამ არ მოხდება თავისუფლების აღდგენა!,”

დღესვე საგანგებო მიმართვა გაავრცელა მაიკ პენსმა, მან ნიკოლას მადუროს უზურპატორი უწოდა და თქვა, რომ მისი მმართველობა უნდა დასრულდეს.”

35 წლის ხუან გადო ვენესუელას კონგრესის თავმჯდომარეა, ის ქვეყნის ოპოზიციის ლიდერია. ოპოზიციის გამარკვების შემთხვევაში მან ქვეყანა დემოკრატიული არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს, რასაც არსებული რეჟიმის შეცვლა უნდა მოჰყვეს.

ხუან გადოს კანდიდატურას მხარს სხვა ქვეყნებიც უჭერენ. მათ შორისაა ბრაზილიაც, რომელმაც 10 იანვარს, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი არა მადურო, არამედ ხუან გადო უნდა იყოს.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გადო



ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა 2019 წლის 10 იანვარს, ნიკოლას მადუროს ინაუგურიაციას მოჰყვა. არჩევნებს, რომელშიც მადურომ გაიმარჯვა საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

კარაკასში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, ქუჩებში სპეც. დანიშნულების რაზმები არიან გასული, მათთან შეტაკებებს დღის განმავლობაში 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ვენესუელას მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებს. ქვეყნის ეკონომიკამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად სრული კოლაფსი განიცადა, მოიშალა ქვეყნის ინსტიტუტები, კრიმინალი საყოველთაოდ გავრცელდა, აღნიშნული ვითარების ფონზე, მთავრობა უპასუხისმგებლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებს და ახალ ფულს ბეჭდავს. 2018 წელს ვენესეუალაში ინფლაციამ 2.5 მილიონ პროცენტს გადააჭარბა, 2019 წლისთვის IMF ქვეყანაში 10 მილიონი პროცენტის ინფლაციას პროგნოზირებს.



ნიკოლას მადუროს მთავრობა არსებულ პრობლემებს გარე ძალებს აბრალებს და აცხადებს, რომ ვენესუელას “იმპერიალისტური” ძალები ებრძვიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოყვა, რომლითაც პარლამენტის უფლებები შეიზღუდა და ის მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებულ “საკონსტიტუციო ასამბლეას” გადაეცა.

უმძიმესი ვითარების გამო, 2015 წლის შემდგომ ვენესუელა 2-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.