მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

5b40c2579bfd7
ნინი ლონგურაშვილი
07.07.18 19:30
1135

პროექტ qvevri.xyz - ის ავტორებმა იპოვნეს ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. მომავალში, პროექტის ავტორებს სურთ, საქართველოში  3D აპარატი ჩამოიტანონ და აქ დაიწყონ ქვევრების წარმოება. ავტორებმა 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.

„ 8 000 წლიანი ტრადიციული კულტურა არ გვინდა რომ დაიკარგოს, ამიტომ ერთ-ერთი მსჯელობისას ვიფიქრეთ, რომ აუცილებლად იქნებოდა რაიმე ახალი გზა ქვევრის შენების და მივედით აზრამდე, რომ ხომ არ შევქმნათ პროტოტიპი 3D -ში. როგორც აღმოჩნდა რეალურია, რადგან 3D -ში შექმნილი საბოლოო ქვევრის ვარიანტი, დადებითი მახასიათებლებით იდენტურია ტრადიციულ ქვევრთან. რაც ყველაზე მთავარია, 3D-ში შექმნილ ქვევრს მოხსნილი აქვს ცუდი მახასიათებლები, რაც ტრადიციულს ახასიათებს, მაგალითად, ძველი ქვევრი 10 -დან 5 მაინც ტყდება. 3D-ში შექმნილი ყველა მყარია და ამის შანსი ნულამდეა დასული, რადგან გამოწვის პროცესი უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით, პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. ამიტომ ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია.

ჩვენი მთავარი მიზანია ქვევრი იყოს ისეთივე მარტივი საყიდელი, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რადგან კარგი ქვევრი გახდა დეფიციტური და ძნელად ხელმისაწვდომი, რის გამოც, ქვევრის შეძენის მსურველებს თვეობით უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. გვინდა, რომ ეს ტრადიცია არ დავკარგოთ და ამით ქვევრის გადარჩენის ახალი გზა მოვნახეთ“ - აცხადებს BM.GE -სთან პროექტ QVEVRI.XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი, ნიკა გუჯეჯიანი.

 

3D -ში ქვევრზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და პირველი პროტოტიპიც შექმნილია. ავტორებმა ჯერ არ იციან ახალი ტექნოლოგიით შექმნილ ქვევრს გაყიდვაში როდის ჩაუშვებენ.