მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე აბულაძე: "სამშენებლო სექტორში გაყიდვები 30%-35%-ით შემცირდა"

5c98eefcba7ad
ანუკა ჯოხაძე
25.03.19 20:30
1756
„სამშენებლო სექტორში გაყიდვები 30-35%-ით შემცირდა“, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “არსის“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ bm.ge-თან განაცხადა.

მისი თქმით, 1 იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა ბინების გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

რაც შეეხება იმას, რას ფიქრობს თორნიკე აბულაძე შიდა განვადებების სისტემის ამოქმედებაზე, „არსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ „შიდა განვადებების პროდუქტის შექმნა სამშენებლო კომპანიების პრეროგატივა არ არის“.

“ცხადია, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ბაზარზე გაყიდვების მკვეთრი შემცირება ცალსახად შეინიშნება. ზოგ კომპანიაში ეს უფრო ნაკლებადაა, ზოგში - უფრო მეტად, 30%-35%-ის ფარგლებშია შემცირება. ზოგიერთი კომპანია ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ზოგიერთმა კომპანიამ დაიწყო შიდა განვადებები, რაც არასწორი მგონია. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ებრძოდა ბანკებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ არაპროფილური ბიზნესი. შეიძლება რაღაც დონეზე გამკაცრება საჭირო არის, მაგრამ არა - ასეთ დონეზე, იმიტომ რომ ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვია“, - აცხადებს სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე.

“არსის” გენერალური დირექტორი პრობლემებს ხედავს სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულებასთან დაკავშირებითაც.

მისი თქმით, თბილისის მერია თვლის, რომ უმჯობესია, სამშენებლო ნებართვის არგაცემა იყოს შეცდომა, ვიდრე - მშენებლობის ნებართვის გაცემა.

“რაც შეეხება სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულებას, ესეც არის პრობლემა. მე მესმის კახა კალაძის განაცხადი ამ თემასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია არის ის, რომ არჩევნებით მანდატი მივიღე იმაზე, რომ ეს ქაოსი მორჩეს და მას აქვს პოზიცია რომ სჯობს, შეცდომა დაუშვან და მშენებლობის ნებართვა არ გასცენ და მშენებლობის ნებართვის არგაცემა იყოს შეცდომა, ვიდრე მშენებლობის ნებართვა გასცენ და ეს იყოს შეცდომა“, - ამბობს სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე.