მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - "ლეონარდო და ვინჩი" ფინალი ჩატარდა

5bee6f14eb251
BM.GE
16.11.18 11:16
833
თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდა.

კონკურსის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

გრან პრი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია - „აია-ჯესს“-ის XII კლასის მოსწავლეები: დეა ილარიოვნა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე. პროექტი - „Health care“ - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.

I ადგილი - სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი. პროექტი - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის.

II ადგილი - საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასის მოსწავლეები: ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე. პროექტი - კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“.

III ადგილი - ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასის მოსწავლეები: ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე. პროექტი - უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში გამოაცხადა და მასში VIII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.

18 ფინალური პროექტის გამოფენის პარალელურად, მონაწილეებმა საკუთარი გამოგონებები 10 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის პრეზენტაციის ფორმატით წარუდგინეს. ჟიური კონკურსით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავდა.

კონკურსი სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებებით ჩატარდა. შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების იყო: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

გამარჯვებულები კონკურსის პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდნენ: საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა და პრეზენტაციის უნარი. გამოგონებად იმ ტექნიკური პრობლემის ახლებურად გადაწყვეტის იდეა ჩაითვალა, რომელიც პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას ეხება.

გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. პირველ ადგილზე - 5000 ლარით, მეორე ადგილზე - 3000 ლარით, მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი კი - 2000 ლარით დაჯილდოვდა. ასევე, თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ - StatusDonates.ge პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი - ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა. სპეციალური სტიპენდია თიბისის რჩეულს - სკოლა „კანდიდის“ XII კლასის მოსწავლეს - ივერ ჯაჯანიძესაც დაენიშნა პროექტისთვის - “MineGuard”. ივერის შექმნილ რობოტს შეუძლია მაღაროში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. MineGuard აღჭურვილია ტენიანობისა და გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვზითა და ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას - (https://student.societyforscience.org/intel-isef)

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით წელს მეცხრედ ჩატარდა. 2016 წლიდან პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე კონკურსში 402 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი, რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.