მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: პარლამენტის გადაწყვეტილება მორატორიუმის შესახებ კვლავ არაკონსტიტუციურია

594d16be7cb1b
BM.GE
23.06.17 17:22
1084
პარლამენტმა 16 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტის წევრების1 ინიციატივა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელით ითვალისწინებს მორატორიუმს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ცვლილების არსი და მიზანი:

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის მიღებამდე შეჩერდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1.ბ. მუხლის მოქმედება, კერძოდ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენს:

უცხოელი;

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირი;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირი.

როგორც ინიციატორები განმარტებითი ბარათში აღნიშნავენ, საქართველო წარმოადგენს მცირემიწიან სახელმწიფოს, რომლის ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოდის. აქედან გამომდინარე, ამ დარგში სწორი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკურ-დემოგრაფიული საკითხების გათვალისწინებით. მათი თქმით, სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ - ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.

2014 წელს არაკონსტიტუციურად ცნობილი მორატორიუმის არსი და მიზანი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" განმარტავენ, რომ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა მსგავსი შინაარსის ცვლილება 2013 წლის 28 ივნისს ერთხელ უკვე მიიღო. რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

არაკონსტიტუციურად ცნობილი ცვლილების თანახმად „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1.ბ. მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო, კერძოდ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდა:

უცხოელი;

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირი;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირი.

ამ ცვილების ინციირებისას გამოთქმული დასაბუთება თითქმის მსგავსია 2017 წელს ინციიირებული საკანონმდებლო ცვლილებისას წარმოდგენილისა. ინიციატორები უთითებდნენ, რომ საქართველო არის მცირემიწიანი სახელმწიფო, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოდის 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნავდნენ ასევე მიწის მნიშვნელობაზე და წარმოების უალტერნატივო საშუალებაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების გარკვეული პერიოდით აკრძალვის მთავარი დანიშნულებათ უთითებდნენ, რომ უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ2014 წლის 24 ივნისის განჩინებაში აღნიშნა,რომ “მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა კავშირს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვას ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის პოლიტიკის შემუშავებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლო არც ამჯერად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობის ან კონკრეტული ტიპის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფომ დაადგინოს განსხვავებული წესი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობა აქვს ასეთი მიწების იდენტიფიცირების საკითხს უცხოელთათვის, მიწის შეძენის თუნდაც დროებით აკრძალვასთან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ის კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის მიწები უნდა დარჩეს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში და არ გასხვისდეს, არ არის კავშირში სადავო ნორმით განსაზღვრულ მორატორიუმთან. სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული მიწების გასხვისების უფლებამოსილებას ფლობს მხოლოდ სახელმწიფო და, შესაბამისად, უცხოელებისადმი ამ მოტივით მიწის შეძენის უფლების თუნდაც დროებითი აკრძალვა, სასამართლოს თქმით გაუგებარია.”

შეფასება

პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული ცვლილება თავისი შინაარსით, მიზნითა და კრიტერიუმებით იმეორებს 2013 წლის 28 ივნისის არაკონსტიუტუციურად ცნობილ შეზღუდვას. გაუგებარია, საქართველოს პარლამენტის პოზიცია, კიდევ ერთხელ დააწესოს აკრძალვა და შეაჩეროს კონკრეტული მუხლის მოქმედება, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილია მოცემული ცვლილების არაკონსტიტუციური ხასიათი. ამასთანავე დაუსაბუთებელია შესაბამისი ინიციიატივის მიზანი, არ არის წარმოდგენილი ამ ცვლილების შედეგად სავარაუდო ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის დოკუმენტი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე სპეციალური რეგულაციების დაწესება ცნობილია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონბდებლობისთვისაც. თუმცა მნიშველოვანია ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. კონსტიტუცის ცვლილებების პროექტით არ შეიძლება გამართლდეს კანონის მიღება, რომელიც მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.