მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკის მაღაზიებში საბანკო განვადების გზით გაყიდვები შემცირდა

5af99b15cfa94
ელენე გოგბერაშვილი
14.05.18 18:26
2319

 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რაც ეროვნული ბანკის რეგულაცია  ძალაში შევიდა და ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ,  ტექნიკის მაღაზიებში საბანკო განვადების გზით გაყიდვები შემცირდა. ზოგიერთ მაღაზიაში, სადაც განვადებით პროდუქციის დაახლოებით 60-70% იყიდებოდა, გაყიდვები თითქმის განახევრდა. მაღაზიების ნაწილში კი კლება დაახლოებით 10-15%-ია.

როგორც "ალტა & OK’’-ის დირექტორი BM.GE-სთან ამბობს, ინდუსტრიაში, რომელმაც წელი ზრდით დაწყო, საკმაოდ დიდი კლებაა. ბიზნესი ამ ეტაპზე საფასო პოლიტიკის ცვლილებას არ განიხილავს, თუმცა უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ სტრატეგიაზე, თუ რა გზით შეიძლება არსებული რთული სიტუაციიდან გამოსვლა.

"ჩვენთან, როგორც ინდუსტრიაში, დაახლოებით 50% ეჭირა განვადებებს მთლიან გაყიდვებში. ამ რეგულაციის მიღების შემდეგ დაახლოებით 10-15%- მდე არის განვადების წილის კლება. 30-35%- ზე არის ამჟამად განვადების წილი მთალიან გყიდვებში. 10%-მდე შემცირებულია მთლიანი გაყიდვები. წელი კარგად დაიწყო, გვქონდა ზრდა დაახლოებით 20% ფარგლებში. ბუნებრივია მაისის დასაწყისში, რაც კანონი ძალაში , ვარდნა’’-აცხადებს ,,ალტა & OK’’-ის დირექტორი, ზურაბ ცანავა.

გაყიდვების მიმართულებით ,,ალტა & OK’’-ის მსგავსად კლებაა "აიფონ პლუსშიც". კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ მათთან საბანკო განვადებით დაახლოებით პროდუქციის 60% იყიდებოდა, თუმცა  უკვე ერთი კვირაა, რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები განახევრდა.

"რაც რეგულაცია ამოქმედდა, მომატებულია უარი ბანკების მიერ განვადების შევსების დროს. რაოდენობა, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის 30%-ით შემცირებული, რაც დიდი ციფრია ბიზნესისთვის. ტექნიკის 50-60% იყიდებოდა განვადებით. ეს შემცირება არის ცუდი, ამისთვის არ იყო მზად ბიზნესი. ჩვენ ვმუშაობთ  ალტერნატიული სტრატეგიისთვის, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როგორ მდგომარეობაშიც ვმუშაობთ, ეს არ არის კარგი მდგომარეობა ბიზნესისთვის’’- აცხადებს ,,აიფონ +’’-ის გაყიდვების მენეჯერი, გოგა თირქია.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვენელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ის, რაზეც ბიზნესი საუბრობს, მოსალოდნელი იყო. შედეგი კი, რაც დადგება, სამომხმარებლო ბაზარზე  ფასების კორექტირება და უმუშევართა რაოდენობის ზრდა იქნება, რაც ეკონომიკაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.

"როდესაც ბიზნესი დაკარგავს შემოსავლებს ეცდება ან ფასების გაზრდას ან თანამშრომლების შემცირებას, რადგან ხარჯები უნდა შეამციროს. ეს პროდუქტი არსებობდა იმიტომ, რომ მასზე იყო მოთხოვნა, მასზე დღესაც არის მოთხოვნა და სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა არსად არ გაქრება, უბრალოდ მთავრობა და რეგულატორი ეუბნება ხალხს, რომ მე თქვენზე ჭკვიანი ვარ და მე ვიცი რა გჭირდებათ დღეს და ის, რომ დღეს გჭირდებათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ამას მოახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ დადასტურებული შემოსავლები. დადასტურებული შემოსავლები კი დღეს აქვს ძალიან ცოტა ადამიანს", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.